სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები გაერო-ს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანებიან

სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.

„ვსარგებლობთ შესაძლებლობით, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამწუხაროა, რომ რუსეთი განაგრძობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას აფხაზეთის და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში სამხედრო ძალების შენარჩუნებით,“- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შემაშფოთებელი სიტუაციაა.

„კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ფონზე და გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აფხაზეთსა და ცხინვალში / სამხრეთ ოსეთში უკანონო ქმედებებს განაგრძობენ. ეს მოიცავს მიმდინარე "ბორდერიზაციას", უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს (ზოგი მათგანი ლეტალური შედეგით), გადაადგილების თავისუფლების მკაცრ შეზღუდვებს (ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო ევაკუაციის დროსაც კი უარის თქმა). ამ რეგიონებში მუდმივად ირღვევა ეთნიკური ქართველების ადამიანის უფლებები (განსაკუთრებით მუდმივი ბინადრობის უფლებები, მშობლიურ ენაზე სწავლის, საკუთრების უფლება),“- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები ეთანხმებიან გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიშის დასკვნას, რომლის თანახმადაც, დევნილებისა და ლტოლვილების ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეული არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისა და ლტოლვილების შესახებ პირველი რეზოლუციის მიღებიდან ათ წელზე მეტია გასული, ასობით ათას დევნილს კვლავ წართმეული აქვს საკუთრების უფლება, ასევე უფლება, უსაფრთხოდ, ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ წარმოშობის ადგილას.

რეზოლუცია ეხმაურება გენერალური მდივნის მიზნებს და გვავალდებულებს ყველას, გავაგრძელოთ მუშაობა იმ ადამიანების დასახმარებლად და დასაცავად, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან იძულებით არიან განსახლებულები და უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება,“- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ძალისხმევის გაგრძელებას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით დანერგოს ალტერნატიული ხანგრძლივი გადაწყვეტილებები, რომლებიც დევნილებს ადგილობრივად ინტეგრაციის ან ცალკეულ შემთხვევებში, ქვეყნის ტერიტორიაზე გადასახლების საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, განცხადების ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ამ დრომდე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის არც ერთ საერთაშორიო მექანიზმს არ აქვს შეუფერხებელი წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე.

„შეშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში არცერთ საერთაშორისო ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმს არ ჰქონია შეუზღუდავი წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ადამიანის უფლებების მექანიზმების დაუყოვნებლივ წვდომას რეგიონებში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებენ, გაააქტიურონ ძალისხმევა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მისაღწევად.

„შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რუსეთი, ასევე მონაწილეები ცხინვალიდან და სოხუმიდან მუდმივად უარს აცხადებენ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხი განიხილონ. გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ ეს თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მანდატის ცენტრალური ნაწილია,“- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა და მათი როლი ადგილებზე მწვავე პრობლემების გადაჭრაში.

„მივესალმებით 2020 წლის 30 ივლისს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებას და ხაზს ვუსვამთ გალის შეხვედრების განახლების აუცილებლობას გაჭიანურებისა და წინაპირობების გარეშე,“- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია და შვედეთი. განცხადებას უერთდებიან ბულგარეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი და რუმინეთი.

შეგახსენებთ, გუშინ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს