„დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“ - პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს ავნებს

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, პარლამენტში განიხილება უმრავლესობის წევრ დეპუტატთა მიერ ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სახელწიფო ბიუჯეტში შესატანი ვალდებულების პატიებას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიის ინდექსი- საქართველოდან“ აცნობეს, კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, 2020 წლის 20 ივლისამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეების მიერ ზედმეტობით მიღებული სახელმწიფო პენსიის, საარსებო შემწეობის, სოციალური პაკეტისა და კომპენსაციის გაცემული თანხების პატიება მოხდება. ცვლილებით, მოქალაქეებს აღარ ექნებათ ვალდებულება დააბრუნონ მათ მიერ კანონიერი საფუძვლის გარეშე ბიუჯეტიდან მიღებული თანხები.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს აღნიშნული კანონპროექტების განხილვა წინასაარჩევნო პერიოდის დასრულებამდე.

„კანონპროექტი ეწინააღმდეგება მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აკრძალულია წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ბიუროს 31 აგვისტოს სხდომაზე მიღებულ იქნა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, რაც განხორციელდება წინასაარჩევნო პერიოდში და მიღების შემთხვევაში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

საქართველოში სიღარიბე ათობით წლებია მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ მდგომარეობას აუარესებს ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც 2020 წლის აპრილის თვიდან იჩენს თავს. მაგრამ, შექმნილი ვითარება არ უნდა იქნას არასათანადოდ გამოყენებული მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნო მიზნებისთვის. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისთვის თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა ცენტრალური მნიშვნელობის საკითხია. ამიტომ, პარლამენტს საგაზაფხულო სესიისა და რიგგარეშე სესიის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა შესაბამისი ცვლილებები, ხოლო, 2020 წლის ივნისი-ივლისიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე შემდგომი მოწვევის პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათი შეეხება 2000-ზე მეტ სოციალური დახმარების მიმღებ პირს (1594 პენსიონერს, 230 ბენეფიციარსა და 178 კომპენსაციის მიმღებ პირს) და 3478 სოციალურად დაუცველ ოჯახს. საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში არ დაბრუნდება 1 541 128 ლარი. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ბენეფიციარისგან თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება დროში გახანგრძლივებული პროცესია. გამომდინარე აქედან, დაუსაბუთებელია შეღავათის სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში დაწესების აუცილებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, აღნიშნული შესაძლოა შეფასდეს, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის. ბიუჯეტის სასარგებლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ათასობით მოქალაქეს ეპატიება გადასახდელი ჯამში 1,5 მილიონზე მეტი ლარი.

„ვალდებულების პატიება არ არის სიახლე საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთვის. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მმართველი პარტიის მხრიდან გაჟღერებული 600 000 ადამიანისთვის კერძო ფინანსური ინტიტუტების მხრიდან ვალის ჩამოწერის ინიციატივა, ეუთო/ოდირის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ანგარიშის მიხედვით, შეფასდა ქმედებად, რომელმაც მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ბუნდოვანი გახადა. აღნიშნული ხაზს უსვამს, რომ ამგვარი პრაქტიკა ავნებს წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენებს.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს აღნიშნული კანონპროექტების განხილვა წინასაარჩევნო პერიოდის დასრულებამდე და უზრუნველყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება“, - ნათქვამია „დემოკრატიის ინდექსი- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო