ადვოკატი მიხეილ კალანდიას საქმის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ განხილვას მოითხოვს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსაჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თოდუა აღნიშნავს, ის მოითხოვს, აღნიშნული საჩივარი უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილოს. ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და პოლიტიკური დაკვეთით შედგენილი განაჩენი გამოიტანა.

„საკასაციო საჩივარში მოყვანილია უტყუარი მტკიცებულებები დაცვის უფლებების დარღვევის, მტკიცებულებების არსებითად დარღვევით გამოკვლევის, მტკიცებულებების არადამაჯერებლობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე. ასევე დასმულია კითხვა, სად შეიძლება გადიოდეს ზღვარი აუცილებელ მოგერიებასა და განზრახვას შორის.

აღნიშნულ საქმეს მივიჩნევ, როგორც ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანსა და შინაარსით იშვიათი სამართლებრივი პრობლემის მქონე საქმეს, მოვითხოვ, საქმე განიხილოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ. ეს უკანასკნელი მოთხოვნა კი დასაბუთებულია იმ გარემოებებით, რაც გამოწვეულ იქნა ამ საქმეზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესების ზეგავლენებით.

ქვეყნის მომავლისათვის, ისეთ დროს, როდესაც პოლიტიკური პარტიები თავ-თავიანთი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად იყენებენ არა მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკურ პრაქტიკას - მოწონება დაიმსახურონ ელექტორატში პროგრესული ეკონომიკური, სოციალური პროექტებით, სარგებლობენ რა საზოგადოების დაბალი პოლიტიკური კულტურით, მიმართავენ ყოფით ნიადაგებზე წარმოშობილი დანაშაულების პოლიტიკური ნიშნებით გამოყენებას. ამ მავნე პრაქტიკის ჩამოყალიბების შედეგია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მიმართ უკვე გამოკვეთილი პოლიტიკური ინტერესი, იგივე პოლიტიკური ძალების მიერ ანალოგიური მეცადინეობა შაქარაშვილის საქმის მიმართ.

სასამართლო ხელისუფლება, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის დემოკრატიზაციის ნაწილში. სასამართლო ხელისუფლების მიერ დადგენილი მოცემულობა პრეცედენტული, სახელმძღვანელო ხდება. ასეთი რანგის ქვეყნებშია სწორედ სანატრელი დემოკრატია, რამეთუ ძლიერი სასამართლო ხელისუფლების შიშით ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაბედავს ისეთ რამეს, რასაც ადგილი ჰქონდა წინამდებარე განსახილველ საქმეში.

ქვეყნის უზენაეს სასამართლოს აქვს საუკეთესო შანსი თქვას სიტყვა ამ მავნე პოლიტიკური პრაქტიკის საბოლოო შეწყვეტის ნაწილში, ანუ უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ უნდა მიიღოს პრეცედენტული, სამომავლოდ სახელმძღვანელო გადაწყვეტილება, რომლის შემდგომ პოლიტიკურ პარტიებს აღარ გაუჩნდებათ არანაირი ინტერესი ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკური დივიდენდების დაგროვების მიზნით განახორციელონ მანიპულაციები.

ვიდრე ქვეყანას არ ექნება ასეთი სასამართლო პრაქტიკა, კიდევ ბევრი გირგვლიანის, ხორავას ქუჩის, ახალგაზრდა პროგრამისტის თუ ფეხბურთელის საქმეები იქნება, რაც ქვეყნის მომავალზე დადებითად ნამდვილად არ აისახება“, - აცხადებს თოდუა.

შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო