გიორგი ვაშაძე - მნიშვნელოვანია ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა მოწესრიგდეს და ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ

პოლიტიკური მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობაა, არსებული ფონიდან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გამოირჩევა, რომლის უამრავი ფაქტი დღემდე გაუხსნელია.

მისივე თქმით, მძიმე კრიმინოგენურ მდგომარეობაზე არსებული სტატისტიკა მეტყველებს.

„საკმაოდ მძიმეა სტატისტიკა. 2019 წელს 119 გაუპატიურების შემთხვევიდან, 72 დღემდე გამოუძიებელია. ეს არის კატასტროფა. რეალურად ბევრია ისეთი შემთხვევაც, როცა ძალადობის ფაქტს მალავენ და არ არის გაცხადებული შესაბამის სტრუქტურებში. დღეს ეშინიათ ქალებს, ხმამაღლა ისაუბრონ ძალადობაზე, რომელიც ქვეყანაშია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ის აცხადებს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში უნდა შეწყდეს და დღეს არსებული თითოეული საქმე სრულად უნდა იყოს გამოძიებული. პირობას ვდებ, რომ გაუპატიურების ეს 72 შემთხვევა იქნება გამოძიებული, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტი, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რასაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პოლიციის სისტემის რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც ამერიკული მოდელის პოლიციის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

„ეს არის პოლიტიკისგან თავისუფალი, რაიონულ დონეზე პირდაპირ არჩეული საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი და FBI-ის მსგავსი საგამოძიებო ბიურო. მომავალ წელს პოლიციელებისთვის 500 ლარით ხელფასის გაზრდა მნიშვნელოვანია, რათა შევქმნათ პოლიტიკისგან თავისუფალი სისტემა, არავის შეეძლოს პოლიციაში ჩაწყობა და ყველა დანაშაულზე იყოს მკაცრი და მკაფიო რეაგირება პოლიციის მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა ქვეყანაში მოწესრიგდეს და ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს