კარლ ჰარცელი - დარწმუნებული ვარ, რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს თვალყურს ძალიან აქტიურად მიადევნებს

დარწმუნებული ვარ, რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს თვალყურს ძალიან აქტიურად მიადევნებს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთა. მისივე თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის მნიშვნელოვანი საზომი იქნება, რის გამოც მას ევროკავშირი და სხვა პარტნიორი ქვეყნებიც განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან.

„დარწმუნებული ვარ, რუსეთი ამ არჩევნებს თვალყურს ძალიან აქტიურად მიადევნებს. ექნება თუ არა რაიმე გეგმა, რომ პროცესზე გავლენა იქონიოს და რა გზებით შეეცდება ამის გაკეთებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები არის პოლიტიკური გარემოსა და დემოკრატიულობის ტემპერატურის აღქმა და რა თქმა უნდა, არჩევნები ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საზომი იქნება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან ამ არჩევნებს. ჩვენ ვიცით, რისი ნახვაც გვინდა - ეს არის თავისუფალი და სამართლიანი, ნათელი და პოზიტიური კონკრეტული თემატური დღის წესრიგის მქონე საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე. ვფიქრობ, რომ თამაშის ახალ წესებს, რომელმაც სათავე 8 მარტის შეთანხმებიდან აიღო, აქვს ყველანირი პოტენციალი, რომ შეასრულოს პოზიტიური როლი პრობლემის მოგვარებაში, რასაც თუნდაც წარსულში ვხედავდით. ეს ასევე ნიშნავს, რომ ყველა უნდა ჩაეჭიდოს ამ შესაძლებლობას,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის შეფასებით, არჩევნების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების როლი. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესს ეუთო/ოდირი დააკვირდება.

„საერთაშორისო დამკვირვებლების საკითხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რადგან მჯერა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში, რომ გვქონდეს დამატებითი თვალი და ყური, ვინც პროცესებს გარედან დააკვირდებიან და რომლებიც ადგილობრივ დამკვირვებლებთან ერთად იმუშავებენ. მსოფლიოში არსებულმა კოვიდ მდგომარეობამ გამოწვევები წარმოქმნა დამკვირვებლების მიმართულებითაც. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირი იყოს წარმოდგენილი და იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება“,- განაცხადა ჰარცელმა.

კითხვაზე, რას მიიჩნევს არჩევნების კონტექსტში ჯერ კიდევ აქტუალურ გამოწვევად, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ პოლარიზაცია ამომრჩეველს თავისუფალი და ინფორმირებული არჩევნის გაკეთებაში ხელს უშლის.

„ახალ საარჩევნო კოდექსსა და თამაშის ახალი წესებს თუ მივიღებთ მხედველობაში, ეს ცვლილებები მაინც პოზიტიურ გავლენას იქონიებს და დადებითი მიმართულებით შეცვლის ვითარებას. ვფიქრობ, პოლარიზაციის საკითხი პრობლემად არის აღქმული, იქიდან გამომდინარე, რომ ის ხელს უშლის ამომრჩეველს, თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, აქ შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება პოზიტიურად იმოქმედებს შეხედულებების უფრო ფართო სპექტრის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ აქტორებზე და ასევე, რა თქმა უნდა, მედიაზე,“- განაცხადა ჰარცელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს