ვანო მაჭავარიანი - კიბერშეტევა საქართველოს დაშინების მცდელობა არ არის, ეს არის ძალის დემონსტრირების მცდელობა

საქართველოს დღევანდელი მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ რუსეთი არ ახსენოს არც ერთ შემთხვევაში, ოკუპაცია არის ეს თუ კიბერშეტევა,- ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე, ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, „კიბერშეტევის თემა სწორედ ის არის, რომ ზუსტ პასუხს ვერ გაიგებ“.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე განხორციელებული კიბერშეტევის თაობაზე პრეზიდენტის შეფასებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარი რუსეთის მხრიდან არა საქართველოს დაშინების მცდელობა, არამედ ძალის დემონსტრირებაა.

„საქართველოსთან მიმართებაში, ამას რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნები აქვს მეტწილად, რომ კიდევ ერთხელ აჩვენონ თავისი ძალა კიბერსივრცეში, რადგან კიბერსივრცე არის ის, რაც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თუ კომერციული სტრუქტურის ფუნქციონირებისთვის. მე პრეზიდენტს საერთოდ იშვიათად ვეთანხმები - დაშინების მცდელობა არ არის, ეს არის ძალის დემონსტრირების მცდელობა და რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედებებმაც გამოაჩინა, ცდილობენ შექმნან ის ბაზა მხარდაჭერის, რომ რუსეთი არის უძლეველი, რომ რუსეთს უნდა ანგარიში გავუწიოთ უფრო მეტად, ვიდრე ის იმსახურებს, ამის დემონსტრირებაა მიზანი. ასევე, ის, რომ მწყობრიდან გამოიყვანონ მთელი კომპიუტერული სისტემები, მონაცემები მოშალონ, წაიღონ და ამას აკეთებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ესტონეთში, ლიტვაში, პოლონეთში უამრავი შემთხვევა არის, მითუმეტეს, როცა კოვიდთან ბრძოლა წარმატებით წარიმართა, მათთვის რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა და უნდა აჩვენონ, რომ ეს ასე არ არის და ნებისმიერი ბაზა, რომელიც ქართველებს ამერიკელებთან ერთად აქვთ გაკეთებული კოვიდის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში, შეუძლიათ მოშალონ,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

მომხდარს დღეს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი განხორციელებულ კიბერშეტევას რუსეთის მხრიდან საქართველოს დაშინების მორიგ მცდელობად აფასებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა