ხათუნა გოგორიშვილი - გურიის  მოსახლეობა უმუშევრობის ჭაობშია ჩაფლული, ხელისუფლების მაღალჩინოსნები კი ბიუჯეტის თანხების საკუთარ ჯიბეში გადანაწილებას ახერხებენ

მაშინ, როდესაც გურიის მოსახლეობა უმუშევრობის ჭაობშია ჩაფლული, პრობლემაა სიღარიბე, მაღალი ფასები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ახერხებენ ბიუჯეტის თანხების საკუთარ ჯიბეში გადანაწილებას, - ამის შესახებ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, კორუფციული გზით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწა დაისაკუთრა, რომლითაც სახელმწიფოს 2 248 200 ლარის ზიანი მიადგა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარზე ხელისუფლების რეაგირება მხოლოდ მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსის დაჭერა იყო, რომელიც სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გოგორიშვილის თქმით, ამგვარ კორუფციულ სისტემას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც „ევროპული საქართველო“ აუცილებლად მოიტანს.

„სახელმწიფო ქონების კაპიკებად დაუფლება, რა თქმა უნდა, არის მძიმე კორუფციული სქემა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა 49 800 კვ.მ მიწა სოფელ ბოხვაურში (კაპროვანი). 1 კვ.მ.-ის საწყისი ფასი 2.5 ლარი იყო. აუქციონზე მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა, თბილისელმა პენსიონერმა ლილიანა კაზარიანმა. ლილიანა კაზარიანმა აღნიშნული 130 700 ლარად შეისყიდა, ანუ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთში გადახდილია 2.6 ლარი. მას აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია. ლილიანა კაზარიანმა მიწის ნაკვეთის შესყიდვიდან 21 დღეში, ნაკვეთი დაყო 6 ნაწილად და ზუსტად იგივე ფასში, რა ფასშიც აუქციონზე იყიდა, მიჰყიდა 6 პიროვნებას. მათ შორის, 20.1 ათასი კვ.მ (მთელი ფართობის 40%) იყიდეს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ქეთევან მოისწრაფიშვილის მამამ, შალვა მოისწრაფიშვილმა და ძმამ, ლაშა მოისწრაფიშვილმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქეთევან მოისწრაფიშვილი მოერიდა პირდაპირი გზით ამ ნაკვეთის შეძენას და შემოვლით შეიძინა ის სხვა პიროვნებისაგან, პენსიონერისაგან, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებულია მასთან. გაყიდული ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დასადგენად, სახელმწიფო აუდიტის სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა დამატებითი პროცედურები და შეისწავლა მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის საბაზრო ფასი. აღმოჩნდა, რომ იმავე პერიოდში მიმდებარე ნაკვეთების გაყიდვის ფასი 20-25 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული მიწის ნაკვეთით ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი მუნიციპალიტეტის მიერ 2 248 200 ლარია. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოხვდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეაგირება შემდეგნაირი იყო - სამსახურიდან გაათავისუფლეს ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მალხაზ გორგოშიძე. სასამართლომ აღნიშნული პირი 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ტრადიციულად სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ აქვს მიღებული. ეს თანხა აკლდება კონკრეტულად ოზურგეთის მოსახლეობას, რადგან ამ თანხით შეიძლებოდა გაკეთებულიყო ძალიან ბევრი რამ მრავალი ოჯახისათვის. 31 ოქტომბერი უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რათა ეს სისტემა შეიცვალოს, ხოლო „ევროპული საქართველო“ იქნება სწორი მიმართულების კომპასი“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო