თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტის სურათები

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მწყემსების ჩვენებებში ცდომილებებია.

ის უწყებისგან ითხოვს, 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტით გადაღებულ ფოტოებს.

ამასთან, როგორც რამიშვილმა „ინტერპრესნიუსს განუცხადა“, არსებობს თამარ ბაჩალიაშვილის კლასელების ჩვენებები, რომლებიც უარყოფენ იმ ფაქტს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს სკოლის ასაკში სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

„ვითომ თვითმკვლელობის მცდელობა, რომ ჰქონდა თამარს სკოლის ასაკში, ეს არის სიცრუე, არანაირ თვითმკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ამას რომ ამტკიცებს მისი მეგობარი, არ შეესაბამება სინამდვილეს. მისი კლასელები უარყოფენ ამდაგვარ ფაქტს. არიან მწყემსები, რომლებიც ცდილობენ, რომ ადგილი, სადაც ავტომობილია აღმოჩენილი, ლამის ჩერნობილად აქციონ. ის, რომ, თითქოს არ დადიან იქ და საძოვრად არ იყენებენ, არ შეესაბამება სინამდვილეს და ცდომილებები და ცვლილებებია მათ ჩვენებებში, ორ მწყემსს ერთი დაემატა და ერთ ხმაში მღერიან არ გადაგვყავს საძოვარზეო და მე მაქვს კადრები გადაღებული, სადღაც ერთი თვის შემდეგ, 12-13 აგვისტოს კადრებია, სადაც ნახირი ჩანს“, - აცხადებს რამიშვილი.

რამიშვილის თქმით, უნდობლობას იწვევს ასევე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც.

„ამდენი ხანი სატელიტიდან სურათებს ვითხოვთ, დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე სურათები. ერთი რამ მაინტერესებს, რა საჭიროა ამდენი აბების სინთეზის გაკეთება, როცა ერთი პრეპარატით არის შესაძლებელი იგივე შედეგის მიღება? იცით, როგორი პროფესიონალი და მცოდნე სჭირდებოდა ამას, რომ ეს სინთეზი შეედგინა? როცა სიკვდილს აპირებს ადამიანი, ქუჩაში კორონავირუსს არ ემალება და გასახდომ ჩაის არ ყიდულობს. თქვენ გინახავთ რომელიმე საქმე ბოლო პერიოდში ობიექტურად გამოძიებული? მაჩალიკაშვილის, მამალაძის, ხორავას საქმე - სად გინახავთ“, - აცხადებს რამიშვილი.

კითხვაზე - ხომ არ ფიქრობს, რომ ექსპერტიზის შედეგები გაყალბებულია, რამიშვილი აცხადებს -„რომელი არ არის გაყალბებული? მითხარით“.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გუშინ, გენერალურმა პროკურატურამ საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი - აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს