დავით ზალკალიანი - „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მთავარი მიზანი საქართველოს, აშშ-ს და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავსებადობის ამაღლებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დაწყებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წლევანდელი წვრთნების მთავარი მიზანი საქართველოს, აშშ-ს და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის ამაღლება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაა.

„განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით მივესალმები საქართველოში მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დაწყებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უკვე მეხუთედ მასპინძლობს.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, აშშ-სა და ნატო-ს სტანდარტებთან ჩვენი თავსებადობის შემდგომი გაზრდის, თავდაცვის ძალებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მივესალმებით სწავლებაში ნატო-ს წევრი ქვეყნების - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედროების მონაწილეობას. გლობალური პანდემიის მიუხედავად, წელს ამ წვრთნების ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისა და ნატო-ს მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

აშშ-სთან და ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ღირსეული წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენი ქვეყანა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებისა და ვალდებულებების ერთგულია და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად კვლავაც აქტიურ როლს შეასრულებს რეგიონული და საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

არსებული გამოწვევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, წლევანდელი სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. მჯერა, რომ სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები, და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან და უზრუნველყოფს უსაფრთხოების განმტკიცებას საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებას საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო