პროკურორის განცხადებით, სასამართლომ ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებით მიცემის ნაწილში ბრალდების მხარის არგუმენტაცია სრულად გაიზიარა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, სასამართლომ ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებით მიცემის ნაწილში ბრალდების მხარის არგუმენტაცია სრულად გაიზიარა.

პროკურორის თქმით, ლუკა სირაძემ ჩვენება მარიანა ჩოლოიანის იძულებით მისცა.

„ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებით მიცემის ნაწილში სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და დაადგინა, რომ მარიანა ჩოლოიანმა მოახდინა ჩვენების მიცემის იძულება არასრულწლოვან ლუკა სირაძესთან მიმართებით. ზემოაღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-იდან 5 წლამდე და ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მარიანა ჩოლოიანს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით. რაც შეეხება სასჯელის ნაწილში ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებას სააპელაციო წესით, ამაზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ გადაეგზავნება განაჩენის სრული ვერსია”,- განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე, პროკურორის თქმით, დღეის მდგომარეობით, არც ერთი საჯარო მოხელის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს.

„ხაზს ვუსვამ სისხლის სამართლებრივ დევნას იმიტომ, რომ შესაძლოა, გამოიკვეთოს ნებისმიერი პირის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომა”, - განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით