მიხეილ რამიშვილი - დრონის კადრებში შემთხვევის ადგილი არაა დაფიქსირებული, სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილმა გაიარა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმეში არსებულ დრონით გადაღებულ ვიდეომასალას გაეცნო.

ადვოკატის განცხადებით, ვიდეომასალაში არ ჩანს ის ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს.

როგორც რამიშვილმა ჟუნალისტებს განუცხადა, დრონით გადაღებულ კადრებში გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული.

“ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21 წუთიანი. შემთხვევის ადგილას მიახლოებითაც კი არ არის ტერიტორია დაფიქსირებული. გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული, გაურკვეველი ტყე, რკინიგზის ტერიტორია. არ ვიცი, სად ახორციელებდა თეთრიწყაროს პოლიცია დრონის გადაღებებს და სად ახორციელებდნენ სამძებრო სამუშაოებს, ჩემთვის გაუგებარია. თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია არანაირ სამძებრო სამუშაოებს არ ახორციელებდა. ალბათ, რამდენიმე კილომეტრის იქით ეძებდნენ, რაღაც სოფლები არის დათვალიერებული. არაფრის მომცემი კადრები არ არის. სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც ბოლო ინფორმაციით გაიარა თამარის ავტომობილმა.

მივყვებით ახლა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, ჩვენებების გაცნობას და ველოდები სატელიტიდან სურათებს 18-22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე გადაცემული კოორდინატებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდეს, იდგა თუ არა იქ თამარის ავტომობილი”, - განაცხადა რამიშვილმა.

მისი თქმით, “გამოძიება ვერ მიმდინარეობს იმ სცენარით, რა სცენარიც ჰქონდათ დადგმული”.

“ბევრი ვერსია არსებობდა,თiთქოს თამარს შეიძლებოდა ნარკოტიკებთან ჰქონოდა შემხებლობა, პორნოგრაფიასთანაც ჰქონია შემხებლობა. ეს იყო დადგმული, კარგად ორგანიზებული და ყველაფერი გათვლილი იყო თავიდანვე, მაგრამ ვერ მიმდინარეობს იმ სცენარით, რა სცენარსაც ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო