გიორგი ვაშაძე - ხალხი კარგავს სახლებს, კარგავს ბიზნესს, კარგავს ყველაფერს, რაც გააჩნია და ამ ფონზე დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება დუმს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და საქართველოს საბანკო სექტორს მონოპოლიური კარტელის სახით ჩამოყალიბებულ სისტემად მოიხსენიებს, რომელიც, მისივე თქმით, თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს სახელმწიფოს უმოქმედობის ხარჯზე, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, „ამ ფონზე, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება მხოლოდ მასთან დაკავშირებულ ბიზნესზე ზრუნავს და სუბსიდირების ფარგლებში მხოლოდ ამ კომპანიებს ეხმარება“.

„ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ქართული ბიზნესისთვისა და კერძო სუბიექტებისთვის კვლავინდებურად კრედიტები და მასთან დაკავშირებული განუზომლად მაღალი პროცენტები რჩება. დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მხოლოდ მასთან დაკავშირებული ბიზნესის დასახმარებლად, სუბსიდირებას აძლევს მხოლოდ და მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებშიც თავად აქვთ წილები, ეხმარებიან მხოლოდ იმ სექტორს, სადაც თავად გააჩნიათ ბიზნეს ინტერესები“, - აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, ეს მდგომარეობა ნაცნობია, ის იცნობს ისეთ ადამიანებს, რომლებმაც უბრალოდ არ იციან საიდან გადაიხადონ სესხი, საიდან გადაიხადონ ვალები. როგორც ვაშაძე აცხადებს, ამ ფონზე მოქმედმა მთავრობამ აიღო 5 მილიარდი ლარის მოცულობის სახელმწიფო ვალი და გაჭირვებულ ხალხს არ ეხმარება.

„220 მილიონი ლარის ქონება მარტო პირველ 6 თვეში გადაიფორმა საბანკო სექტორმა. ხალხი კარგავს სახლებს, ხალხი კარგავს ბიზნესს, ხალხი კარგავს ყველაფერს და ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება. ეროვნული ბანკის ფუნქცია არის არა ბანკების ინტერესების, არამედ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. რისთვის გვინდა ეროვნული ბანკი თუ ის ისევ ბანკების ინტერესებს დაიცავს? რისთვის გვინდა პრემიერ-მინისტრი გახარია, რომელიც იცავს მხოლოდ საკუთარ სახელთან და მის გარემოცვასთან დაკავშირებულ ბიზნესების ინტერესებს. მაინტერესებს ვინ იცავს გაჭირვეული და გაურკვევლობაში მყოფი ხალხის ინტერესებს? ათობით ადამიანი ყოველდღიურად მოდის ჩვენთან ოფისში, ჩვენი იურისტი ვეღარ აუდის მათი საქმეების, კონკრეტული შემთხვევების განხილვებს. როცა უსამართლოდ, უკანონოდ, ადამიანებს ართმევენ ქონებას და ამ ფონზე უმოქმედოდ არის ხელისუფლება, სირცხვილია! მხოლოდ ბანკებისა და საკუთარი კომპანიების წახალისებაზე არ უნდა ფიქრობდნენ, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე როგორც კი გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩემი ამოცანა იქნება ამ გაჭირვებული ადამიანების დახმარება. დეკემბერში ყველა პენსიონერს ჩამოეწერება გაცემულ კრედიტზე სესხის პროცენტი და მომავალი წლიდან ყველა სესხზე მინიმუმ განახევრდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი, 2-3-ჯერ შემცირდება საპროცენტო განაკვეთი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა