ბექა ნაცვლიშვილი - „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ" კანონპროექტის მიღებით 300 000 დასაქმებულის მდგომარეობა გაუმჯობესდება

დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ" დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. როგორც კანონპროექტის ავტორმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კანონპროექტი კანონის დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ახდენს, რაც დღეის მდგომარეობით 500 ლარია და ეს 300 000 დასაქმებულის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

"კანონი არის საკმაოდ კარგად ფორმულირებული, მე იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა ამ კანონს მხარს დაუჭერს, რადგან ამ კანონის მიღების შემთხვევაში, დაიძლეოდა უთანასწორობა, რომელიც არის ჩვენი ეკონომიკის ერთ- ერთი შემაფერხებელი და გაუმჯობესდებოდა 300 000 დასაქმებულის მდგომარეობა. მე მთავრობის დასკვნაც წავიკითხე, ვიცი დეპუტატების დამოკიდებულებაც, ვერ მოვისმინე ვერანაირი საწინააღმდეგო არგუმენტი და მე იმედი მაქვს, ეს არ იქნება პოლიტიკური მოტივაციით ჩაგდებული კანონი, არამედ საღი აზრი გაიმარჯვებს და უმრავლესობა ამ კანონს მხარს დაუჭერს,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ამ ცვლილებების შედეგად, უმუშევრობა გაიზრდება.

"თუ პირობითად ათ ადამიანს აქვს 300 ლარი ხელფასი, ამ ცვლილების შედეგად იქნება რვა ადამიანი 500-ლარიანი ხელფასით და ორი უმუშევარი. ეს არ არის კარგი შედეგი. თუ ამას კერძო კომპანიების გადასაწყვეტად ვტოვებთ, ჩემი და მთავრობის აზრით, ასეთი შედეგი დადგება რვა მომატებული ხელფასით იქნება, ორი - უმუშევარი. სხვა ინსტრუმენტებია ჩასართავი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თვლის მინიმალური ხელფასის საკმარისი ადეკვატური არ არის, მისი მოგვარების ეს გზა ამ ეტაპზე შესაძლოა აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგის მომტანი გახდეს,"- განაცხადა კაკულიამ.

კანონპროექტი პარლამენტში 2019 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. ცვლილებების თანახმად, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის 45 პროცენტის ოდენობით. განისაზღვრება ასევე საათობრივი ანაზღაურებაც. კანონი არ ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომელთაც 500 000 ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვა აქვთ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს