სერგო ჩიხლაძე - ქვეყანაში არსებული გრიპის 135 000 ვაქცინა მინიმალურ მოთხოვნასაც კი ვერ დააკმაყოფილებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, საქართველოში „კოვიდ 19“-ის და სეზონური გრიპის თანხვედრის პერიოდში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და განმარტავს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული, გრიპის 135 000 ვაქცინის შემოტანა, მინიმალურ მოთხოვნასაც კი ვერ დააკმაყოფილებს.

ჩიხლაძის თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ქვეყანაში გრიპის ვირუსის აცრებისთვის საჭირო ვაქცინების სამმაგი მარაგი, ვიდრე ეს მთავრობას აქვს მომარაგებული და მთავრობას სთავაზობს, რომ გაორმაგებული სახით გაფართოვდეს ლაბორატორიათა ქსელი, რომლებშიც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციალი დიაგნოსტიკა გრიპის ვირუსსა და კორონავირუსს შორის.

„გვიახლოვდება ოქტომბრის ბოლო, როდესაც იწყება ქვეყანაში სეზონური გრიპის აქტიური პერიოდი. ეს არის ძალიან მძიმე დრო, როდესაც სეზონური გრიპი და კორონავირუსი ერთმანეთს დაემთხვევა და მოხდება ამ ორი ინფექციის თანხვედრა. ამ პროცესების სამართავად ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი, კერძოდ, სათანადო რაოდენობის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგის შექმნა ქვეყანაში და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების აწყობა ქვეყნის მასშტაბით, სადაც მოხდება დიფერენციალური დიაგნოზი, გამიჯვნა, ადამიანს კორონავირუსი აქვს თუ სეზონური გრიპი. მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში შემოვა გრიპის 135 000 ვაქცინა, რაც მინიმალურ მოთხოვნასაც კი ვერ დააკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ შარშან კორონავირუსის არარსებობის შემთხვევაშიც კი, შემოტანილი იყო გრიპის 140 000 ვაქცინა, აქედან 40 000 ვაქცინამდე შემოიტანა კერძო სექტორმა. ყველას გვახსოვს როგორი მოთხოვნილება იყო შარშანაც, ადამიანები მიდიოდნენ სამედიცინო დაწესებულებებში და იქ კი ფიზიკურად აღარ იყო საჭირო რაოდენობა, ვიმეორებ ეს შარშან, როდესაც არ არსებობდა „კოვიდ 19“. ამ ფონზე, წელს მხოლოდ 135 000 ვაქცინით მზაობა არის მიზერულზე მიზერული და სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მოსახლეობის 4%- იც ვერ შეძლებს სარგებლობას, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებს თითქმის 40-50-60%- იანი მზაობა აქვთ მარაგების კუთხით“, - აცხადებს ჩიხლაძე და მეორე მიმართულების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ლაბორატორიათა ქსელის გაფართოებას ითვალისწინებს, სადაც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციალი დიაგნოსტიკა გრიპის ვირუსსა და კორონავირუსს შორის.

ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ იმ ტემპებით და ორგანიზებით, რასაც მთავრობა აჩვენებს, შეიქმნება სერიოზული პრობლემები როგორც ეპიდემიის მართვაში, ასევე პაციენტთა ნაკადის მართვაში.

„ასევე, არასაკმარისია იმ ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც დიფერენციალური დიაგნოსტიკა მოხდება - კორონავირუსია თუ სეზონური გრიპი. მხოლოდ 21 ლაბორატორია, რასაც მთავრობა ამზადებს. არასაკმარისია და შექმნის პირდაპირი გაგებით ქაოსს, რადგან წელს უპრეცედენტოდ დიდ რაოდენობას ექნება საჭიროება მსგავსი ტესტირების ჩატარების“, - მიაჩნია სერგო ჩიხლაძეს.

აქედან გამომდინარე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ 2 კონკრეტული მოთხოვნით, ერთგვარი ინიციატივით გამოდის.

„პირველი, სასწრაფოდ დაიწყოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკება, რომ მინიმუმ 3- ჯერ მეტი რაოდენობის გრიპის ვაქცინა შემოვიდეს ქვეყანაში, რომ დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მინიმალური მოთხოვნილება მაინც. 135 000 ვაქცინა მინიმალური მოთხოვნებისთვისაც კი არ არის საკმარისი! ამავე დროს, დაიწყოს დროული მოლაპარაკება კერძო სექტორთანაც, მიეცეთ მათ მკაფიო ინსტრუქცია, რომ მათაც უზრუნველყონ თავიანთ ქსელებში ვაქცინის შესაბამისი რაოდენობის არსებობა. მეორე, სასწრაფოდ გაფართოვდეს, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ლაბორატორიათა ქსელი, რომლებშიც მოლეკულური ტექნოლოგიით მოხდება დიფერენციული დიაგნოსტიკა, და გაირკვევა არის გრიპის ვირუსი, თუ კორონავირუსული ინფექცია. 21 ლაბორატორია არ არის საკმარისი და ეს ნაკლოვანება შექმნის სრულ ქაოსს და პანიკას მოსახლეობაში, რადგან კიდევ ვიმეორებ წელს იქნება გაზრდილი მოთხოვნა და საჭიროება, როგორც ვაქცინებზე, ასევე დიაგნოსტიკურ პროცედურებზე. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ჯერ კიდევ აპრილში წარმოვადგინეთ ალგორითმი, მექანიზმი თუ როგორ უნდა დაიქსელოს მთელი ქვეყანა სადიაგნოსტიკო პუნქტებით, რომ მოსახლეობას დიაგნოსტიკა-ტესტირებაზე არ შეექმნას პრობლემები,“ - აღნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მიიჩნევს, რომ ამ 2 ინიციატივის წარმატებით განხორციელების და კარგად მომზადების პირობებში, შესაძლებელი იქნება ამ ორი ინფექციის თანხვედრის პირობებში, პროცესების ეფექტური მართვა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო