ბექა ნაცვლიშვილი - ჩვენ გვყავს არმია დასაქმებული ღარიბების - დღეს შრომა უფრო ძვირია, ვიდრე უმუშევრობა

ჩვენ გვყავს არმია დასაქმებული ღარიბების. დღეს შრომა უფრო ძვირია, ვიდრე უმუშევრობა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მინიმალური ხელფასის შესახებ კანონზე მსჯელობისას განაცხადა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, ამ კანონის გატანას დიდი გამბედაობა სჭირდება იმ წნეხის გათვალისწინებით, რაც ბიზნესასოციაციებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე აქვთ. მან კოლეგებს მოუწოდა, წინასწარგანწყობას ნუ შეიქმნიან და კანონის მხარდაჭერაზე უარს მხოლოდ იმის გამო ნუ იტყვიან, რომ ის უმრავლესობის წევრის მიერ არ არის წარმოდგენილი.

„ამ კანონის გატანას გამბედაობა სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით, რამხელაა ბიზნესასოციაციების წნეხი ზოგადად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში და რა თქმა უნდა, ბიზნესასოციაციები ასეთ კანონმდებლობას ვერ ხვდებიან დიდი აღტაცებით.

მინდა გთხოვოთ, ისეთ განწყობას თავიდან ნუ შეიქმნით, რომ რადგან არ ვარ უმრავლესობის წევრი და ოპოზიციას წარმოვადგენ, ეს კანონი უნდა ჩავარდეს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კანონპროექტი არ არის უმრავლესობის წევრის წარმოდგენილი. ამის შემთხვევები გვქონია, სამწუხაროდ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, მინიმალური ხელფასის შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში ქვეყანაში დაახლოებით 250 ათასი ადამიანის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„ჩვენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში გავაუმჯობესებდით, უხეშად რომ ვთქვათ, 250 ათასი ადამიანის ცხოვრებას, გავაუმჯობესებდით 250 ათასი ოჯახის ცხოვრებას და მივცემდით ამ ადამიანებს შესაძლებლობას, რომ მათი ყოველდღიური საჭიროებები დაეკმაყოფილებინა.

შრომა არ უნდა იყოს უფრო ძვირი. დღეს შრომა უფრო ძვირია, ვიდრე უმუშევრობა გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები შრომობენ რეალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურებისთვის, რაც არის წარმოუდგენელი, სამარცხვინოა უბრალოდ. აქედან გამომდინარე, მინიმალურ ხელფასს აქვს როგორც სოციალური განზომილება, რაც არის სიღარიბის დაძლევა და ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისე შესაბამისად, აქვს ეკონომიკური ეფექტი.

ჩვენ გვყავს არმია დასაქმებული ღარიბების ანუ მშრომელი ღარიბების არმია გვყავს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ" საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 2019 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. ცვლილებების თანახმად, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის 45%-ის ოდენობით. განისაზღვრება ასევე საათობრივი ანაზღაურებაც. კანონი არ ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომელთაც 500 000 ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვა აქვთ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა