თამარ გაბუნია - კორონავირუსის ვაქცინის თაობაზე ინტერესის წერილი გადავგზავნეთ, მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის 20 მილიონი დოლარია საჭირო

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდინფექციის წინააღმდეგ ქვეყნის მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციას გეგმავს, რისთვისაც 20 მილიონი დოლარია საჭირო. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ განმარტა, გარდა ამისა საქართველო გეგმავს შეისყიდოს გრიპის 135 ათასი და პნევმონიის ვაქცინის 20 ათასი დოზა.

„ვიდრე ზამთრის საკურორტო სეზონამდე მივალთ, შემოდგომის რთული პერიოდი გვექნება გადასატანი. გრიპის შემთხვევების მატება ვიცით, რომ არის ნოემბრის თვეში, ოქტომბრის ბოლოდან, როდესაც აცივება იწყება. პირველი სეზონი იქნება, როდესაც გრიპის და კორონავირუსის თანხვედრა გვექნება. ეს არის დამატებითი გამოწვევა. გრიპის ეპიდემიის მართვა ჩვენს სისტემას რამდენჯერმე მოუხდა და თავი გაართვა. არის გრიპის ვაქცინაც, მედიკამენტიც არსებობს. სასურველი იქნებოდა მეტი გვქონოდა ვაქცინაციით მოცვა. წელს 135 ათას ვაქცინას შეისყიდის სახელმწიფო. ჩვენ გვქონდა ინტერესი და სურვილი 100 ათასი დამატებითი დოზა შეგვესყიდა, მაგრამ გლობალურ ბაზარზე ამ მიმართულებითაც გარკვეული შეზღუდვები არის. მაინც ვცდილობთ და ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ვაქცინა და ჩავატაროთ აცრები. თუმცა, გასულ წლებში გრიპის ვაქცინაციაზე დიდი მოთხოვნა არ იყო.

ანტივაქსერის თემა ყოველთვის მუშაობს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს დიდი ძალისხმევა სჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ 135 ათასი დოზა შესაფერისად მაღალი რისკის ჯგუფებში გამოიყენოს. საერთოდ ქვეყანა რომ ფარავდეს ვაქცინაციას ისე, როგორც ევროპის ქვეყნები, დაახლოებით, 1 მილიონი დოზა გვჭირდებოდა. ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ, მაგრამ დიდი გზაა გასავლელი. წელს იქნება ის, რაც იქნება. კიდევ ერთ ამდენს თუ ვიშოვით, ეს იქნება ჩვენთვის სერიოზული მიღწევა და უკეთესი დაცვა.

გარდა ამისა, დავიწყებთ პნევმონიის ვაქცინაციას, 20 ათას დოზას. ეს მცირე იქნება, მაგრამ პირველად იქნება, რომ ხანდაზმულებს ავცრით.

ვაქცინაცია გაკეთდება მაღალი რისკის ჯგუფებში ეს კრიტერიუმები არსებობს. დილემაა ჯანდაცვაში ვინ არის პირველი ჯგუფი, რატომ ისინი და სხვა არა, მაგრამ ეს არ არის კოვიდთან და ეპიდემიასთან დაკავშირებული თემა. ხანდაზმული არის პრიორიტეტი, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. ასევე აქ შედის სამედიცინო პერსონალიც“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე მიდის მუშაობა კოვიდის ვაქცინაზეც,

„თუ საკმარისი ვაქცინა იქნა გლობალურ ბაზარზე, გვინდა მოსახლეობის 20% მოვიცვათ. ეს არის პირველი ეტაპი ამ მიმართულებით და საიდანღაც უნდა დავიწყოთ. ნებისმიერი ახალი ვაქცინის დანერგვას სჭირდება სერიოზული წინასწარი ძალისხმევა. ისიც არ ივარგებს, რომ ჭარბი რაოდენობა გვქონდეს. პნევმონიის ვაქცინაც უნდა ვიშოვოთ, ესეც არ არის რომ თავისუფლად არსებობდეს. ამ მხრივ სირთულეები და გამოწვევები გვაქვს“, - აღნიშნა გაბიუნიამ და დასძინა, რომ ჯერჯერობით უცნობია რომელი ქვეყნის წარმოებული ვაქცინა შემოვა საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ.

“დღეს არის 3-4 ლიდერი, რომელიც მიუახლოვდა თავისი კვლევის დასრულებას და იმედი აქვთ, რომ ამ წლის ბოლოს, მომდევნო წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი ამ მწარმოებლების ვაქცინები. ჩვენ უკვე გადავგდით პირველი ნაბიჯი და გავგზავნეთ ინტერესის წერილი ვაქცინების გლობალურ ალიანსში. შემდეგი ეტაპია წინასწარი გადახდა, რაც 3-4 მილიონი დოლარია. მოსახლეობის 20 % რომ მოვიცვათ დაახლოებით 20 მილიონამდე სჭირდება ამ ვაქცინის შესაძენად. დონორები გვეხმარებიან და ამ კუთხით პრობლემები მოსალოდნელი არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა