ლევან ალაფიშვილი - კომუნიკაციების კომისიის, მთავრობის და  პარლამენტის ძალისხმევით ზიანი მიადგა არა მხოლოდ „კავკასუს ონლაინს“, არამედ ქვეყანას

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები არაკონსტიტუციურია.

„ბოლო პერიოდში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის კანონმდებლობაში დაჩქარებული და გაუმჭვირვალე წესით მიღებული გადაწყვეტილებები არის სახიფათო გზავნილები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის. ეს გადაწყვეტილებები არ იყო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, რაც შესაძლოა გადაითარგმნოს საქართველოში დემოკრატიისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებად“, - წერს ლევან ალაფიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო გახდა ერთი კონკრეტული ოპერატორი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ღონისძიებების გასატარებლად, რაც საშიში პრეცედენტია საკანონმდებლო და სამართლის თვალსაზრისით.

„ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს წარმოშობს კონსტიტუციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების თვალსაზრისით. ეს უფლებები პრაქტიკულად სრულად და ხანგრძლივი დროით შეიძლება შეიზღუდოს გონივრული დასაბუთებისა და საჭიროების გარეშე, ისე რომ დაცული არ იყოს გონივრული ბალანსი ჩადენილ ქმედებასა და კომისიის მიერ გამოყენებულ სანქციას შორის. რაც ყველაზე საგანგაშოა, კომისიების გადაწყვეტილებები არ ექცევა ეფექტიანი სასამართლო კონტროლის ქვეშ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოამზადა, ხოლო საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს 2020 წლის 1 - ელ ივლისს წარუდგინა კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. ამ პროექტით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკუთარი შეხედულებისამებრ, სასამართლოს ეფექტიანი კონტროლის გარეშე მიენიჭა უფლებამოსილება, ოპერატორ კომპანიაში დანიშნოს სპეციალური მმართველი.

კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველისთვის ნიშნავს კომპანიის, ინვესტიციებისა, თუ აქტივის ექსპროპრიაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლებას. მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიღებულ კანონში სპეციალურად მიუთითა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ შეაჩერებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.

შემაშფოთებელია, რომ მთავრობა და კომუნიკაციების კომისია კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ მალავენ და ღიად უთითებენ, რომ ეს ცვლილებები საჭიროა ერთი კონკრეტული ოპერატორი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ღონისძიებების გასატარებლად. ეს გარემოება, რომ კანონის ცვლილება და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაფართოება კონკრეტული კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ მიმართ განხორციელდა, 17 ივლისს დაადასტურა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც.

კანონის ბოლო ცვლილებების მთავარი საფრთხე ის არის, რომ ინტერპრეტაციის სისწორეზე სასამართლო დავის არსებობის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიას მიეცა უფლებამოსილება, არ დაელოდოს სასამართლო დავის დასრულებას და თვითონვე, სპეციალური მმართველის დანიშვნით, ისე აღასრულოს საკუთარი გადაწყვეტილება, რა მნიშვნელობითაც მოახდინა ინტერპრეტაცია. ბუნებრივია, ამ პირობებში სასამართლო დავის წარმოება აზრს კარგავს, რადგან ოპერატორმა კიდევაც რომ მოიგოს სასამართლო დავა, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იქნება.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით სერიოზული ზიანი მიადგა არა მხოლოდ ერთ ოპერატორს, არამედ ქვეყანას. დროა, საზოგადოების ჩართულობით მის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ“,-აღნიშნავს ის.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო გადაწყვეტილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე მოქმედია.

კომუნიკაციების კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ოპერატორი „კავკასუს ონლაინი“, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის და ეს არაერთგზის დააფიქსირა კომპანიის ხელმძღვანელობამ. კომპანია საკანონმდებლო ცვლილებების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში აპირებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს