მამუკა ხაზარაძე - მე გამოვედი ყველანაირი კომფორტის ზონიდან და ივანიშვილს შანსი აქვს ნული, რომ ვინმე დააშინოს საქართველოში

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ზუგდიდს "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აცნობეს.

"ლელოს" თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში დღეს არის გარდამტეხი მომენტი. ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე და ეს არჩევანი სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, თუ სად გვინდა ვიყოთ ხვალ.

"ვიყოთ ღატაკები, თუ წარმატებულები, ამ არჩევანს ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, XXI საუკუნეში იდგეს იქ, სადაც დღეს დგას. ჩვენ 30 წელი ვიარეთ იმისთვის, რომ რა შეცდომებიც დავუშვით, იგივე არ დავუშვათ და წინ ვიაროთ, წარმატებისკენ. რაღაც პერიოდი ალბათ სხვა სამყაროში ვცხოვრობდი, ვაშენებდი კომპანიებს, სამუშაო ადგილებს ვქმნიდი და ალბათ ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენთან არსებობს, გამომრჩა. რაც დღეს ხდება, რა პირობებშიც მოსახლეობის დიდ ნაწილს უწევს ცხოვრება, არის სირცხვილი და ეს უნდა გამოვასწოროთ. მოვდივარ კომბინატის დასახლებიდან და ამ მაგალითს ვყვები მათზე, მე დღეს ჩემი სახელით ყველას ბოდიში მოვუხადე, რადგან ამ მდგომარეობაში ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ამას მივეჩვიეთ ან მიგვაჩვიეს, მაგრამ ეს უნდა შევცვალოთ, ფუნდამენტურად. რეალურად "ლელოს" მარშალის პროგრამა საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმაა და მე ამას გპირდებით, რომ ამ გეგმით 4 წელში ყველას ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. აუცილებლად ავამოქმედებთ ანაკლიას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გააჩერა, რათა დავასაქმოთ ხალხი. ივანიშვილს კი ვეტყვი, რომ მე გამოვედი ყველანაირი კომფორტის ზონიდან და ივანიშვილს შანსი აქვს ნული, რომ ვინმე დააშინოს საქართველოში. ვაფრთხილებ სუს-ს და სხვა პროვოკატორებს, რომ ვერ შეგვაშინებთ, ვერც მე და ვერც ჩემს გუნდს, რადგან "ლელო" ახალი რეალობისთვის იბრძვის", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ზუგდიდის ოლქში "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ბელქანიას თქმით, ანაკლია არის გზა, რომელიც ღირსეულად დაგვაბრუნებს აფხაზეთში. ამის გაკეთება კი მხოლოდ "ლელოს" შეუძლია.

"მე არ მინდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ჩემს მეგობარს ჩემს გვერდით დგომის ეშინია, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ოპონენტი ვარ. ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვაშენებდეთ ხვალინდელ დღეს. მე ვდგავარ ძლიერი პარტიის გვერდით, რომელიც ანაკლიის პროექტის მეშვეობით ჩვენს საყვარელ აფხაზეთში ღირსეულად დაგვაბრუნებს”, - აცხადებს ბელქანია.

მოსახლეობის წინაშე სიტყვით "ლელოს" დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია წარსდგა და ადგილობრივებს განუმარტა, თუ რა გაუსაძლის პირობებში აცხოვრებს "ქართული ოცნება" ადამიანებს.

"31 ოქტომბერს იმ ჭაობიდან გამოვალთ, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ჩასვა. ხოლო "ლელო" იქნება ის მედროშე ძალა, რომელიც ქვეყანას ჭაობიდან გამოიყვანს. ქვეყანაში სიდუხჭირეში მცხოვრები ხალხი არის იმ ოცნების სახე, რომლებიც ქვეყანაში სიპებს და ააიპებს ქმნიან, კორუფციაში იხრჩობიან და ადამიანები სიდუხჭირისთვის ჰყავთ განწირული. ჩვენ კი პირობას ვიძლევით, რომ დაიწყება წინ მიმავალი ცვლილებები. ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი დასავლეთისკენაა და ამ გზით ვივლით", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალა "ლელოს" სახით შემოდის იმისათვის, რომ ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს იმედი.

„რომ მომავალ თაობას ექნება განვითარების პერსპექტივა, რომ 30 წლის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ მოვახდინოთ გარღვევა და ჩვენი ქვეყანა გახდეს ისეთი ძლიერი, როგორი ქვეყნისთვისაც ვიბრძოდით. რთული ოქტომბერი გველოდება წინ, რადგან რუსული მანქანა "ქართული ოცნების" სახით ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგვიპირისპირდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ მოგვერევიან”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა