9 სასურსათო პროდუქტის ფასების ზრდის დაზღვევაზე თავდაპირველად განსაზღვრული 10 მილიონი ლარიდან 1 150 000 ლარი დაიხარჯა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, 9 სასურსათო პროდუქტის ფასების ზრდის დაზღვევაზე თავდაპირველად განსაზღვრული 10 მილიონი ლარიდან 1 150 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა „პროგრამამ თავისი ფუნქცია წარმატებით შეასრულა“.

მინისტრის მოადგილემ „ინტერპრესნიუსთან“ სახელმწიფო პროგრამის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობის კომპლექსური ღონისძიებების შედეგად პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის ხარჯი მნიშვნელოვანი არ ყოფილა და 3-დან 4 მილიონ ლარამდე ეკონომიის მიღება მოხერხდა. გიორგი ხანიშვილის განცხადებით, უფრო მეტი თანხა ხორბლის ფასების სტაბილურობის მიმართულებით დაიხარჯა.

„პროგრამამ აბსოლუტურად გაართვა თავი დასახულ ამოცანას. ეს იყო ძალიან კომპლექსური პროგრამა, რომლის უპირველესი მოვალეობა იყო, რომ ქვეყანაში ყოფილიყო პროდუქტების სტაბილური მომარაგება და სტაბილურობის განცდის შექმნა ბაზარზე. პროგრამა 15 მარტიდან 15 მაისის პერიოდისთვის განხორციელდა, შესაბამისად ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ კომპლექსურად გატარებული ღონისძიებების შედეგად შეძლო, რომ მკვეთრი ცვლილება არ ყოფილიყო ბაზარზე არსებულ საფასო პოლიტიკაში და მკვეთრი ცვლილება არ ყოფილიყო რომელიმე პროდუქტის დანაკლისის თვალსაზრისით. არც ერთ სასურსათო პროდუქტზე საქართველოს მოსახლეობას დეფიციტი არ უგრძვნია. აღსანიშნავია, რომ მთავრობის კომპლექსური ღონისძიებების შედეგად პროგრამის ხარჯი არ იყო მნიშვნელოვანი, რადგან ბაზარზე ავტომატურად დარეგულირდა ფასები და პროდუქციის შემოტანა. შესაბამისად, თავდაპირველად თუ განსაზღვრული გვქონდა 10 მილიონი ლარი, ეკონომია მივიღეთ. ხორბლის ფასების სტაბილურობაზე 4.5 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ პროდუქტზე 1 150 000 ლარი დაიხარჯა. ეს თანხა შესაბამისი პროცედურების დაცვით ბიზნესს უკვე მიღებული აქვს“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, გეგმავს თუ არა უწყება მსგავსი პროგრამის კვლავ განხორციელებას, სოფლის მეორნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დღეს ამ საკითხზე საუბარი არაა.

„ჯერჯერობით მსგავსი ღონისძიება არ იგეგმება. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდა, რომ სტაბილურობა შენარჩუნებულია, პროდუქცია არის. ხედავთ, რომ სოფლის მეურნეობა წარმატებით ვითარდება. პანდემიის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მიმართულებით, იქნება ეს ხილი, ბოსტნეული, მეფრინველეობა , მესაქონლეობა თუ სხვა, აბსოლუტური წარმატება, დიდი ზრდა გვაქვს და ვფიქრობთ, ამის საჭიროება არ იქნება. თუ აუცილებლობა დადგება სახელმწიფო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს, მაგრამ დღეს ამის აუცილებლობაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნავს გიორგი ხანიშვილი.

რაც შეეხება ქვეყანაში სასურსათო და ხორბლის მარაგებს კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ კუთხით პრობლემა მოსალოდნელი არაა.

„იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მონოპოლიური ბიზნესები აიკრძალა და თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისუფლად აწარმოოს ბიზნესი, ამან ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ ყოფილიყო. ეს ნიშნავს მრავალწლიან კონტრაქტებს, ეს ნიშნავს პროდუქციას გზაში, საწყობში, დახლზე უწყვეტ რეჟიმში. რაც შეეხება ხორბალს, ბიზნესი აქტიურად ყიდულობს, მათ შორის ახლო მომავალში ქვეყანაში კომერციულად ნაყიდი დაახლოებით 27 000 ტონა ამერიკული ხორბლის შემოვა, გვაქვს სამ თვეზე მეტის ხორბლის გარდამავალი მარაგი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა ითვალისწინებდა იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო