პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, გიორგი ქათამაძისთვის მიყენებული დაზიანებების ფაქტზე ბრალდებულების ნაწილს ბრალი დაუმძიმდეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, დაზარალებულ გიორგი ქათამაძისთვის მიყენებული დაზიანებების ფაქტზე ბრალდებულების ნაწილს ბრალი დაუმძიმდეს.

პროკურორის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნაზე.

„რაც შეეხება უშუალოდ გიორგი ქათამაძეს, მას საკმაოდ ბევრი დაზიანება ჰქონდა, მრავლობითი. მას სცემდა ადგილზე „მერსედესიდან" გადმოსული თითქმის ყველა პირი, აქედან გამომდინარე, დაზიანებები არ არის გამორიცხული, რომ მსუბუქზე უფრო მეტი ხარისხის იყოს, თუმცა, ამაზე ვერ გეტყვით, ჯერჯერობით, ექსპერტიზები ტარდება და ექსპერტიზამ უნდა გვითხრას რა დაზიანებებია. იქიდან გამომდინარე, რომ მრავლობით დაზიანებასაც გააჩნია, შესაძლოა, მსუბუქი ხარისხის იყოს. ექსპერტიზის დასკვნაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ იქნება ისეთი შედეგი, რომელიც საფუძველს მოგვცემს, რომ დამძიმდეს კვალიფიკაცია, რა თქმა უნდა, დამძიმდება", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

მისივე განმარტებით, დაცვის მხარე ბრალდების მხარის მოწმეების დისკრედიტაციას ცდილობს, რაც მათ არ გამოუვათ.

"მცხეთის რაიონულ სასამართლოში განიხილება წინასასამართლო სხდომა, როდესაც გადაწყდება ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების არსებითად გადაცემის ბედი. რაც შეეხება უშუალოდ დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ჩვენ უმეტეს მტკიცებულებაზე, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, დაუშვებლად ვაყენებთ ცნობის შუამდგომლობას, იქიდან გამომდინარე, რომ ნაწილი მათგანი მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევებით, ხოლო ნაწილი საერთოდ არანაირ შემხებლობაშია სისხლის სამართლის საქმეზე.

თუნდაც, ავიღოთ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეზე იყო უამრავი, პირებს ვერ დავასახელებ, თუმცა, ძალიან ბევრია ასეთი ჩვენება. გამოძიებამ გამოკითხა ყველა ის პირი, ვისაც კი შესაძლებელია რაიმე სახის კონტაქტი ჰქონოდა, ან შემხებლობა, ან იცოდა რაიმე ფაქტი მოცემულ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიებამ ეს ხალხი დაკითხა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, დაცვის მხარეს უნდა გაეკეთებინა ამ მტკიცებულებების ანალიზი და სასამართლოში უნდა წარმოედგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც შემხებლობაში იყო სისხლის სამართლის საქმესთან, თუმცა, დაცვის მხარემ ერთიანად აიღო ყველა მტკიცებულება, რომლებიც ბრალდების ხმარემ მოიპოვა, მიუთითა თავის ნუსხაში და მოიტანა სასამართლოში“, - განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც რომელიმე ბრალდებულის გამამართლებელი შეიძლება ყოფილიყო, აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, რომ ბრალდების მხარის მოწმეების და მტკიცებულებების დისკრედიტაცია მოახდინონ და შეეცადონ, ის მოწმეები, რომლებიც საქმეზე მამხილებელ ინფორმაციას იძლევიან ბრალდებულებზე, ისინი ამორიცხონ. რა თქმა უნდა, ეს მათ არ გამოუვათ იქიდან გამომდინარე, რომ ამ პირების ჩვენებები არის სანდო და შეჯერებული სხვა მრკიცებულებებთან", -განაცხადა ყაზარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა