გიგი უგულავა - უკიდურესი სიბეცე და თავის მოტყუებაა იმის არ შემჩნევა, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლებას ადამიანების ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირე არ აინტერესებს.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში, მთავრობამ მთლიანად ეკონომიკა მოგუდა და ამავდროულად, ეპიდემიოლოგიური ვითარებაც მძიმდება.

„უკიდურესი სიბეცე და თავის მოტყუებაა იმის არ შემჩნევა, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. ეს ჩანს ციფრებით, ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალით და განსაკუთრებით ეს ჩანს ჩვენ სოფლებში, სადაც გაუსაძლისი უბედურება ტრიალებს. ამას ემატება მუდმივი დაშინება ხელისუფლების მხრიდან და ის, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში არ სჯერა ხელისუფლების, ეს ისევ ხელისუფლების ბრალია. როდესაც იყო პანიკა, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება კორონას საკითხს იყენებდა პოლიტიკური დივიდენდების არათუ დასაწერად, არამედ ოპოზიციასთან საბრძოლველად“, - განაცხადა უგულავამ.

უგულავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლითაც პოლიტიკურ დივიდენდებს იწერენ.

„ფაქტი არის ერთი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა თავისი პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა კოვიდით. რას მოიმოქმედებს ეს ხელისუფლება, ძნელად პროგნოზირებადია, თუ გადაიდება არჩევნები, ხელისუფლებისთვის ეს იქნება დანგრევის ნიშანი, არ გადაიდება და ის დგას რეალური პრობლემის წინაშე. რატომ აირჩია ხელისუფლებამ ეკონომიკის მოგუდვის გზა, თუ პანდემია მასთან თანაცხოვრების მანძილზე უნდა გადაძლეულიყო. ასევე, თუ თანაცხოვრება იყო გამოსავალი, ის რაც მთელმა მსოფლიომ გააკეთა, ჩვენთან პირიქით, ამოგუდვის გზით წავედით და საზოგადოებამ დაინახა, რომ აქ არის პოლიტიკური მდგენელი და ამის გამო აღარავინ იცავს იმ წესებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში იცავენ.

ჩვენ მივიღეთ სურათი, რომ ერთჯერადად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს და საბოლოო ჯამში, ამის საზღაურს იხდის ადამიანი, ჩვენი ოჯახები ეკონომიკურად და ჩვენი ჯანმრთელობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ციფრი არის მზარდი და არანაირი გეგმა ჩვენ ხელისუფლებას არც ეკონომიკიდან კრიზისის გამოსვლის და არც რეალური მართვის არ აქვს.

ერთადერთი გამოსავალი არის ცვლილებები, დრამატული და გარდამტეხი ცვლილებები არჩევნებზე, მხოლოდ ეს შეძლებს ადამიანს დაუბრუნოს იმედი მომავლის, რამაც შეიძლება საფუძველი შეუქმნას ეკონომიკის განვითარებას. ფაქტია, რომ ყველანაირი სიკვდილი ამ ხელისუფლების მიერ არის დაშვებული, გარდა კოვიდისა, რადგან აქ არსებობს პოლიტიკური მდგენელი და ხელისუფლებას პოლიტიკური დივიდენდების დაწერა სურს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა