საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქელაძის განცხადებით, 73 საარჩევნო ოლქის 3 657 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა 25 200 განცხადება შევიდა.

მისივე ინფორმაციით, კონკურსანტთა შორის ქალი იყო 19 215, რაც საერთო რაოდენობის 76.25%-ია, ხოლო კაცი - 5 985, რაც საერთო რაოდენობის 23.75-ია.

„კონკურსანტებიდან საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება აქვს 19 199 პირს, რაც საერთო რაოდენობის 76.19%-ია. კონკურსანტთა მონაცემები ასაკობრივ ჭრილში კი შემდეგია: 18-29 წლის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობას იღებს 3 209 კონკურსანტი - საერთო რაოდენობის 12.73 %; 30-50 წლის ჩათვლით - 11 446 - საერთო რაოდენობის 45.42%; ხოლო 51 წლიდან ზევით - 10 545 - საერთო რაოდენობის 41.85%.

ნიშანდობლივია, რომ 1 878 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების საერთო რაოდენობის 51.35%-ია, 6 საკონკურსო ადგილზე შევიდა ზუსტად 6 განაცხადი; 955 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების 26.11%-ია - 7 განაცხადი; 7-ზე მეტი განაცხადი შევიდა უბნების 22%-ზე, რაც რაოდენობრივად 806 უბანია; ხოლო 6-ზე ნაკლები განაცხადი 18 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების 0.49%-ია”,-განაცხადა მიქელაძემ.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 11-15 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 16 სექტემბრიდან დაიწყება 4 უფლებამოსილი საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის პროცესი.

ამასთან, მიქელაძის განხცადებით, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცესკომ მიმართა რეკომენდაციებით საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა მათ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა, გაითვალისწინონ ცესკოს მიერ შემუშავებული სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმებიც.

„ნიშანდობლივია, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია ისეთი პირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა, რომელიც პარტიის მიერ იყო დანიშნული ბოლო საერთო არჩევნებზე. სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ცესკომ შეიმუშავა განცხადების სპეციალური ფორმა, სადაც ახალი რეგულაციების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კონკურსანტთა სიის გაცნობისას ვალდებულია განაცხადოს კონკურსანტთა შორის ოჯახის წევრის არსებობის თაობაზე და არ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების მაღალი სტანდარტით შესრულების მიზნით, ცესკომ შეიმუშავა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შესთავაზა სპეციალური ფორმა, რომლის მიხედვითაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები უკვე ხელმოწერით ადასტურებენ ზემოაღნიშნული კანონის დაცვის შესახებ თანხმობას. დღეის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიის 876 წევრიდან, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულმა კომისიის 65-მა წევრმა აღნიშნულ ხელწერილზე ხელის მოწერის შესახებ განაცხადა უარი“,- აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული კანდიდატის, პარტიის ან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიას.

„ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას.

ცესკო კიდევ ერთხელ მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოქალაქეებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მზაობისთვის და დარწმუნებულია, რომ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა იქნება ხელშემწყობი წარმატებული არჩევნებისთვის”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა