ადვოკატი - საინტერესოა, მწყემსებმა, რომლებმაც დაინახეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, რატომ დაურეკეს უბნის ინსპექტორს და არ დარეკეს 112-ზე

თბილისის პროკურატურაში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატის და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი უფლებადამცველი, ეკა ქობესაშვილი მივიდა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაბარება გუშინდელ პრესკონფერენციაზე სატელიტის ფოტოების წყაროს გამჟღავნებას უკავშირდება.

„პროკურატურაში გუშინ , „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში ჩატარებული პრესკონფერენციის დროს გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე ვარ დაბარებული. ორგანიზაციამ პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით გავაჟღერეთ ინფორმაცია, თუ საიდან იყო სატელიტის ფოტოები მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია მხოლოდ მიხეილ რამიშვილისგან მაქვს, პროკურატურამ აუცილებლად მიიჩნია, რომ გამოვცხადდე და მოხდეს ჩემთან გასაუბრება”, - აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქმის მასალებსაც გაეცნობა და მწყემსების მიერ უბნის ინსპექტორ ჯიმშერ აფციაურთან განხორციელებული ზარების სატელეფონო ამონაწერს იხილავს.

,,ამასთან, ვაპირებ გავეცნო საქმის მასალებს, ჩემი ინტერესია მწყემსების ჩვენებას გავეცნო და ასევე დეტალურ სატელეფონო ამონაწერს. მწყემსებს, რომლებმაც დაინახეს მანქანა, იქაურ უბნის ინსპექტორთან, რა კომუნიკაცია ჰქონდათ, არის თუ არა ეს შესაბამისობაში მათ მიერ მიცემულ ჩვენებასთან. საინტერესოა, რატომ არ დარეკეს 112-ზე და დაურეკეს პირდაპირ უბნის ინსპექტორს”, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

ადვოკატმა სატელიტური ფოტოების წარმომავლობა კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ფოტოების მოპოვება ევროკავშირის სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოხდა.

,,იყო ვადიანი პროგრამა და ევროკავშირის 4-მა ძირითადმა ქვეყანამ განახორციელა ეს პროგრამა, ასევე შედიოდა 10 სხვა ქვეყნის ინტერესიც. თუ პროკურატურას მოუნდებოდა ამ ფოტოების ნახვა, მასაც შეეძლო თავად გამოეთხოვა ევროპის ქვეყნებიდან ეს ფოტოები”, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს