ავსტრიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა თომას მიულმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ერთმანეთს თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების გზები გაუზიარეს.

„მხარეებმა დაადასტურეს, რომ ორ ქვეყანას შორის ძალზედ ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა, რომ პოსტ-პანდემიურ პირობებში ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურება იქნება. ასევე, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

მინისტრმა ელჩს გააცნო საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესი და ამ პროცესში ავსტრიის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან, ასევე, მიაწოდა ელჩს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარების შესახებ და მადლიერება გამოხატა ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ავსტრიის ახლადდანიშნულმა ელჩმა, თავის მხრივ, გამოხატა მზაობა, რომ ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას საქართველოსა და ავსტრიას შორის, მათ შორის ქვეყნების რეგიონების დონეზე. მან გამოჰყო ავსტრიის აქტიური ჩართულობა საქართველოში ევროკავშირის თვინინგის პროექტების განხორციელებაში და დაადასტურა შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს