შალვა შავგულიძე - ვერც გახარია, ვერც თალაკვაძე და ვერცერთი ადამიანი, რომელიც ივანიშვილის გუნდში დარჩა, ქართული საზოგადოების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა შავგულიძის შეფასებით, დღეს მმართველი გუნდის მიერ მომავალი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დასახელება, არაფერს შეცვლის, რადგან, მისი თქმით, „ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური ძალა, ფაქტობრივად არ არსებობს“.

როგორც შალვა შავგულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა, ვერც არჩილ თალაკვაძე, ვერც გიორგი გახარია ვერ დააკმაყოფილებს ქართული საზოგადოების მოთხოვნებს და საჭიროებას, ვინაიდან, მისი თქმით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის მოტივაცია პირადი ინტერესია.

„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც ივანიშვილის და მისი ფინანსური რესურსის ირგვლივ არის გაერთიანებული. საკუთარი, მერკანტიკური ინტერესით არიან გაერთიანებული. მოდით, მარტივად შევხედოთ, 2012 წელს ვინც იყო „ქართულ ოცნებაში“ და ვინც გადაწყვიტა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებისა და დანაშაულების წინააღმდეგ ებრძოლა, ვინმე თუ დარჩა დღეს „ქართულ ოცნებაში“, ივანიშვილის ირგვლივ? არავინ, იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ მართლაც გვინდოდა იმ ხარვეზების გამოსწორება, იმ დანაშაულებისთვის პასუხის მოთხოვნა, რა ხარვეზებიც იყო და გარკვეულ შემთხვევებში, რა დანაშაულსაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა, მაგრამ ხარვეზებსა და დანაშაულებში „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ აჯობა, პირიქით, კიდევ უფრო მეტი დააშავა და საერთოდ, ამ ქვეყნის ტრატეგიული კურსის შეცვლას ცდილობს. რა თქმა უნდა, ადამიანებს, რომლებსაც სურდათ, რომ წინა ხელისუფლებაში ხარვეზები გამოსწორებულიყო, ივანიშვილთან არ დარჩნენ, რომელიც უფრო მეტს აშავებს ყველა მიმართულებით, სამართალთან დაკავშირებით უფრო მეტი უსამართლობაა ქვეყანაში, ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით გაცილებით გაუარესდა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და საერთოდ, რუსეთში უპირებს ამ ქვეყანას დაბრუნებას. გამოვიდა, რომ ივანიშვილმა ფაქტობრივად მოატყუა ქვეყანა, ქართული საზოგადოება და ეს ტყუილი უფრო ადრე დავინახეთ ჩვენ, მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა, რომლებიც მასთან ახლოს ვიყავით“, - განაცხადა შავგულიძემ.

მან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი საქმიანობის შესაფასებლად 20 ივნისის მოვლენების გახსენებაც საკმარისი იქნება.

„შეურაცხყოფით აღშფოთებულ ხალხს შინაგან საქმეთა მინისტრი მოედანზე რომ ტყვიას დაუშენ, ნურავინ მეტყვის, რომ შევარდნას აპირებდნენ. ვინ აპირებდა? მაკო გომური ან ათობით ჟურნალისტი? ივანიშვილის კარზე წინაურდებიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი ნიშნით გამოირჩევიან-ივანიშვლისადმი უპირობო მორჩილებით, მსახურებით და იმის მზაობით, რომ ხელი შეუწყონ ივანიშვილს რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში საქართველოს დაბრუნება, ოღონდ პირადი მერკანტილური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ამიტომ, ვერც გახარია, ვერც თალაკვაძე და ვერცერთი ადამიანი, რომელიც დღეს ივანიშვილის გუნდში დარჩა, ვერ დააკმაყოფილებს ქართული საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებას, ვინაიდან მათი მოტივაცია სულ სხვაა. ხელისუფლებაში ყოფნის მოტივაცია არის პირადი ინტერესი და მტერი სახელმწიფოს მსახურება“, - განაცხადა შავგულიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა