გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს გაიმართება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, საქმის მორიგი განხილვა 15 სექტემბერს გაიმართება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო ღონისძიების შედეგად მათ მიაჩნიათ, რომ გიორგი შაქარაშვილი განზრახ არის მოკლული.

„შემდეგი სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს, 10:00 საათზე გაიმართება. ფაქტობრივად, ჩვენ სასამართლოს შუამდგომლობები გადავეცით. შემდეგ პროცესზე უნდა ვუპასუხოთ უკვე იმ შუამდგომლობებს, რომელიც მტკიცებულებების დაუშვებლობას გულისხმობს. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაახლოებით 90%-ზე დააყენა შუამდგომლობა დაუშვებლობასთან დაკავშირებით“,-განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ მოისმინა იმ მტკიცებულებების ჩამონათვალი, რომელიც ბრალდების და დაცვის მხარემ წარმოადგინა.

„რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტები, დათვალიერებები და ასე შემდეგ, უამრავი საგამოძიები და საპროცესო ღონისძიება, რის შედეგადაც მიგვაჩნია, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა დასტურდება“, - განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, ამას ადასტურებს როგორც სამედიცინო, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვა, თუმცა, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დასკვის ნაწილი ჯერ სრულად არ არის.

„რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რომელიც მათ თავიანთ სიაში გადაიტანეს. რაც შეეხება მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიგვაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები არცერთი მათგანი არ ადასტურებს რომელიმე მათგანის პოზიციას და არ არის გამამართლებელი ხასიათის“,-აცხადებს პროკურორი.

მან ასევე ინფორმაციის წაშლასა და ბრალდებულების ფრჩხილების ნიმუშზეც ისაუბრა.

„ჩვენ აქამდეც განვაცხადეთ, რომ ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა ყველა ბრალდებულს, გარდა ჩიქოვანისა. ვერცერთი მათგანიდან ფრთხილის ნიმუში ვერ ავიღეთ, რადგან ისე მოკლედ ჰქონდათ დაჭრილი, რომ მეტად ვეღარ მოვაჭრიდით. რაც შეეხება დაზარალებულების და სხვა მოწმეების ფრჩხილებს, აქ საუბარია ბრალდებულებზე, რომლებიც განწყობილი არიან, რომ წაშალონ რაიმე კვალი თავისი თავის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ვსაუბრობდით, რომ ფრჩხილებიც ამიტომ არის დაჭრილი, ტელეფონებიდან ინფორმაცია წაშლილი და ასე შემდეგ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ემსახურება მათ მიერ კვალის წაშლას, რომელიც შესაძლებელია, მათკენ მიდიოდეს“,-აცხადებს პროკურორი.

დავით ყაზარაშვილის განცხადებით, აგარაკზე მიმდინარე ჩხუბის შედეგად რამდენიმე პირის ფრჩხილის ნიმუშია აღებული, თუმცა ერთმანეთის გარდამავალი ბოჭკოები არცერთში არ აღმოჩნდა.

„მარტივად მისახვედრია, თუ რატომ დასჭირდათ ამ ადამიანებს ინფორმაციის წაშლა და შემდგომ უკვე მომდევნო ეტაპზე ცნობილი გახდა მათი ვერსიები, თითქოს ბრალდების მხარემ წაშალა. სხვა გზა არ ჰქონდათ და ამიტომ ჩვენ გვაბრალებენ. თუმცა, ტელეფონები რომ ამოვიღეთ, მაშინვე დავნიშნეთ ექსპერტიზა და იმ ნაწილში, რომელიც ბრალდებულების ტელეფონებზე მოვიდა, უკვე ჩანდა, რომ არა მხოლოდ ინტერნეტის, „გუგლის“ საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია, არამედ ფოტოსურათები, დანარეკები, მესიჯები და ასე შემდეგ, კონკრეტულად დანაშაულის ჩადენის დღეების, წაშლილი იყო“,-აცხადებს პროკურორი.

მისი თქმით, დაცვის მხარეს ხუთივე ბრალდებულის კადრები გადაეცა.

„იმ ვიდეოჩანაწერებში, რომელიც ჩვენ სასამართლოში წარვადგინეთ, ნათლად ჩანს, რომ ხუთივე ბრალდებული მისდევს გაქცეულ პირებს“,-აცხადებს დავით ყაზარაშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ნიკოლოზ რევაზიშვილი, ა.ქ. და ვახო ჩიქოვანი არის ბრალდებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს