ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერს 6 კითხვით მიმართავს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს პრემიერ -მინისტრს გიორგი გახარიას 6 კითხვით მიმართავს.

„კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად საზოგადოებას აინტერესებს, რამდენად ეფექტიანად გამოიყენა საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელების შეკავების 7-თვიანი პერიოდი. უფრო კონკრეტულად, გახარიას მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს და საზოგადოებას გააცნოს შემდეგი ინფორმაცია:

1. ჰოსპიტალური სექტორის მომზადება გაზაფხულზე, ინფიცირებულთა მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც, მაღალი იყო სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი. ექიმებისა და ექთნების ინფიცირების შესახებ გვესმის დღესაც. დროის გასვლასთან ერთად, რატომ იკლებს და არ იმატებს კოვიდ-ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოყოფილი საწოლების რაოდენობა? რა ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-ისა და ცხელების კლინიკებში, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, რომ ყველგან სათანადოდ იყოს დანერგილი და აწყობილი ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმები? რამდენადაა სამედიცინო პერსონალი სათანადოდ აღჭურვილი, რომ ისინიც დაცულები იყვნენ და მათთან მისული არა-კოვიდ-პაციენტებიც პაციენტებიც? რატომ დგას კვლავ მწვავედ სამედიცინო დაწესებულებებისთვის გაწეული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი და რამდენად გამართლებულია ჯანდაცვის სამინისტროს სადამსჯელო ღონისძიებები ექიმებისა და საავადმყოფოების მიმართ?

2. პირველადი ჯანდაცვის რგოლის მომზადება ყველა ქვეყანაში, სადაც, კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობის მატების მიუხედავად, წარმატებით უმკლავდებიან ეპიდემიას, მსუბუქი სიმპტომების მქონე და უსიპმტომო პაციენტებს მართავენ ამბულატორიულად, თვითიზოლაციაში, სახლებში. გახარიას მთავრობამ გადაწყვიტა ამ ადამიანებს საკარანტინო სივრცეებში უმკურნალოს, რაც დამატებით მილიონობით ლარი დაჯდება. რითია ეს გადაწყვეტილება განპირობებული? ჯანდაცვის სამინისტრო არ ენდობა ოჯახის და სოფლის ექიმებს? არ მოამზადა სათანადოდ? რა იქნება ოჯახის/სოფლის ექიმის როლი ამ პროცესში? საკარანტინო სივრცეში განთავსების შიში ხომ არ გაზრდის იმ მსუბუქ სიმპტომიან ინფიცირებულთა რიცხვს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას?

3. გრიპის ვაქცინა - გაზაფხულიდან მოყოლებული, მსოფლიოს ეპიდემიოლოგები გვაფრხილებენ, რომ მომავალი ზამთარი იქნება კრიტიკული, რადგან ახალი კორონავირუსის ეპიდემიას დაემატება გრიპის სეზონური ეპიდემია. რამდენი გრიპის ვაქცინა შეიძინა მთავრობამ? თუ აქაც იგივე შეიძლება დაგვემართოს, რაც გაზაფხულზე ტესტებთან დაკავშირებით დაგვემართა? ისევ და ისევ, პირველადი ჯანდაცვის რგოლს აქვს თუ არა სათანადო ინსტრუქცია, როგორ იმოქმედოს, როდესაც მასთან მიმართვიანობა გაათმაგდება სეზონური გრიპის გამო?

4. სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები ტოტალური ჩაკეტვის პირობებში ათიათასობით ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე და ეს დანაკარგები ვერ დააკომპენსირა იმ მწირმა დახმარებებებმა, რომლებიც საზოგადოების მხოლოდ ნაწილზე გაიცა. იზრუნა თუ არა მთავრობამ განვლილი 7 თვის განმავლობაში სოციალური დაცვის სისტემის, მაგალითად, სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერებაზე, რომ გაზრდილ სიღარიბეს სათანადოდ უპასუხოს? მთავრობის მიერ გაცემული ფულადი დახმარება უმნიშვნელოა იმ დანაკარგთან შედარებით, რაც საზოგადოებამ მთავრობის მკაცრი, ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი შეზღუდვებით მიიღო. მაგრამ ფულადი დახმარების მიღმა არსებითია სოციალური დაცვის სისტემის სხვა მექანიზმების გაძლიერება და გამოყენება. გაეროს ბავშვთა ფონდის "მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბავშვთა სიღარიბის სიღრმისეული ანალიზიდან" (2019 წელი) შეგახსენებთ: “უკანასკნელ წლებში სიღარიბის შემცირების ტემპი საგრძნობლად შენელდა და დაბალი შემოსავლების მქონე შინამეურნეობები სულ უფრო მეტად ხდებიან ვალებზე დამოკიდებულნი." "ოჯახების 70%-ის მიერ პროდუქტებისა და მომსახურების მოხმარების მაჩვენებელი გასული რვა წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც იყო საარსებო მინიმუმზე დაბალი.” "6-თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების 27% ღებულობდა მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნებას და საკვებს მინიმალური სიხშირით".

5. საგანმანათლებლო სექტორის მომზადება 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიშის მიხედვით, „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი.” 27 თებერვლის შემდეგ მოგიწოდებთ, მიხედოთ ამ საკითხს, მათ შორის, საპარალამენტო მოსმენების ფორმატშიც. რა გააკეთეთ? კონკრეტული რიცხვებით გვიპასუხეთ.

6. ეკონომიკა ქვეყნის ეკონომიკის სერიოზულმა ვარდნამ მთლიანად გამოჭამა ოჯახების მწირი დანაზოგი. მიგაჩნიათ თუ არა, რომ გაზაფხულიდან დღემდე ზომიერი, მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე და არა მათ დასჯაზე ორიენტირებული შეზღუდვები არც ასეთ ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა და ქვეყანასაც მეტი რესურსი ექნებოდა მოახლოებული მძიმე ზამთრის წინ? ტოტალური ჩაკეტვიდან მინიმალური რეგულაციების ტოტალურ უგულვებელყოფამდე მისვლა თქვენს მიერ არჩეულმა ზედმეტად მკაცრი შეზღუდვების კურსმა ხომ არ გამოიწვია? როგორ აპირებთ, რომ საზოგადოებამ ის მინიმალური წესები დაიცვას, რაც ინფექციის უფრო მეტად გავრცელებას აგვაცილებს თავიდან?“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს