კახა კუჭავა "ოცნების" სიის ოცეულში სპორტსმენებზე - ბევრი ისურვებდა ამ სპორტსმენებს თავიანთ რიგებში, თუმცა, დააგვიანეს

ბევრი ისაურვებდა ამ სპორტსმენებს თავიანთ რიგებში, თუმცა, დააგვიანეს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან, "ქართული ოცნების" სიის ოცეულის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სპორტი და ახალგაზრობასთან ურთიერთობა.

კუჭავა მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის საქმიანობა გავაძლიეროთ არა მხოლოდ იურიდიული, ეკონომიკური მიმართულებებით, არამედ სპორტი და ახალგაზრდობასთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვიტყოდი ქვაკუთხედია ჩვენი ქვეყნის განვითარების. ამიტომ ის, რომ სამაგალითო, წარმატებული, ეროვნული ნაკრების მაისურით მოასპარეზე ადამიანები გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას პარლამენტში, ეს გასაკვირი არ არის, არც პირველად ხდება, მთავარია, თუ როგორი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები შემოვიდნენ ჩვენს გუნდში ამ მიმართულების გასაძლიერებლად. ბევრი ისურვებდა მათ თავიანთ რიგებში, თუმცა, დააგვიანეს, ამ ადამიანების არჩევანი „ქართული ოცნებაა“, ის მიზნები და იდეოლოგია, რომელიც გაგვაჩნია და მომავალი 4 წლის განმავლობაში ერთად გავაგრძელებთ ამ მიზნების განხორციელებას", - განაცხადა კუჭავამ.

რაც შეეხება სიის დანარჩენ შემადგენლობას, როგორც კუჭავა ამბობს, ვიხილავთ როგორც მოქმედ დეპუტატებს, ასევე, სხვა ახალ სახეებსაც.

"ყველამ ძალიან კარგად ნახა, თუ რამდენად ძლიერი, განახლებული, პროფესიონალებით სავსე პირველი ოცეული იქნა წარმოდგენილი. მთელი სერიოზულობით მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება დაასახელოს მეორე პარტია, რომელსაც შესწევს ძალა და ამდენი რესურსი აქვს, რომ ზედიზედ მეორე საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი განახლება გააკეთოს. გარდა ამისა, აქ არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შრომით, პროფესიონალიზმით დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ წარმატების მოტანა, შედეგის დადება. ეს მხოლოდ ოცეულის წარდგენა იყო, დაველოდოთ სრულ სიას, იქნება ასევე ბევრი ახალი, საინტერესო სახე, იქნებიან როგორც მოქმედი დეპუტატები, ასევე გუნდის ახალი წევრები,"- განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" სიის პირველი ოცეული გუშინ დაასახელა. ოცეულში სპორტსმენები ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა არიან. რაც შეეხება თავად კუჭავას, ის სიაში მე-6 ადგილს იკავებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა