ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული სოლოღაშვილის ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული გიორგი სოლოღაშვილის ადვოკატის, სალომე კალაიჯიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ადვოკატის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და გიორგი სოლოღაშვილი 15 წლით უკანონო პატიმრობაში გაუშვა. ეს გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი, ჩვენ ველოდებით სამოტივაციო ნაწილს, სადაც დარწმუნებული ვარ, მოსამართლე ყურადღებას არ გაამახვილებს იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რაზეც აპელირებდა დაცვის მხარე. გიორგი სოლოღაშვილთან დაკავშირებით არ იყო არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არც თვითმხილველი მოწმეები და არც სხვა რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ დაადასტურებდა სოლოღაშვილის მიერ უმძიმესი დანაშაულის ჩადენას. სწორედ ამ არარსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოსამართლემ სრულიად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე არასამართლიან ქვეყანაშიც კი მოსამართლე არ იკადრებდა ისეთი არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, რაც დღეს გამოაცხადა. ჩვენ ვაპირებთ გავასაჩივროთ თუ სააპელაციო და უზენაესი სასამართლო არ აღადგენს მართლმსაჯულებას, ჩვენ იძულებული ვიქნებით მივმართოთ საერთაშორისო სასამართლოს”,- განაცხადა ადვოკატმა.

აღნიშნულ პოზიციას იზიარეს ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი ვაჟა არობელიძე. მისი თქმით, სასამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

“არავითარ შემთხვევაში არ ველოდებოდით ამ გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ საქმის მასალებით და სასამართლოზე დაკითხული მოწმეებით აშკარად დადასტურდა, რომ აღნიშნული დანაშაული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია. ჩვენ დაახლოებით 20 დღის განმავლობაში ჩაგვბარდება სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ”,- განაცხადა ვაჟა არობელიძემ.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს - ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ხოლო შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, პეტრე ყუფარაძეს 4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა