ხათუნა თოთლაძე - გონივრული იქნებოდა ჩამოყალიბებულიყო პრინციპები, თუ როგორ უნდა დაიცვან ქვეყნებმა კრიზისებისას საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, პანდემიის გლობალურმა კრიზისმა ცხადყო, რომ საერთაშორისო სამართალი მეტწილად არაერთმნიშვნელოვანია კრიზისების დროს, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან მიმართებით, სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ. თოთლაძის თქმით, ასევე ბუნდოვანებაა სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ მის ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან მიმართებით.

მისი განცხადებით, არ არსებობს ყოვლისმომცველი სასამართლო პრაქტიკაც და აუცილებელია, რომ ქვეყნები სამომავლოდ მომზადებულნი იყვნენ იმაზე უკეთ, ვიდრე აღმოჩნდნენ Covid-19-ის პანდემიისათვის, შესაბამისად გონივრული იქნებოდა ჩამოყალიბებულიყო ერთგვარი სახელმძღვანელო პრინციპები, თუ როგორ უნდა დაიცვან ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეები მსგავსი კრიზისების დროს, ეფექტიანი თანამშრომლობის გზით.

აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც პანდემიის კრიზისულ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების საკითხზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოხდა.

„ყოვლისმომცველი რეგულაციების არარსებობა იყო მოტივატორი იმ პროექტისა, რომლის განხორციელებაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. პროექტი მოიაზრებს 2021 წლის აპრილ-მაისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, რომლის თემატიკაც იქნება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვა გლობალური კრიზისების დროს. პროექტის საბოლოო მიზანია გლობალური კრიზისების დროს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვისათვის საერთაშორისო რეგულაციური ჩარჩოს შემუშავება, რისთვისაც კონფერენციის ფარგლებში მიღებულ უნდა იქნას თბილისის დეკლარაცია. დოკუმენტი მომზადდება სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობით, რომელიც შემდგომშიც წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და მოხდება ლობირება შესაბამისი რეზოლუციის მიღების მიზნით. კონფერენციის მასპინძლად საქართველო აირჩა, ვინაიდან საქათველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვარგარეთ საქართველოს მისიებმა წარმოუდგენელი შრომა გასწიეს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად“, - განაცხადა თოთლაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ, კრიზისულ სიტუაციებში წინასწარი მზაობის და სისტემატიზებული მიდგომის არსებობა მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ეფექტური დახმარების აღმოჩენისა და უარყოფითი შედეგების შესაძლო მინიმუმამდე დავყვანის მიზნით.

„სახელმწიფოების მიერ კრიზისის მენეჯმენტის განსახვავებული სცენარები იქნა გამოყენებული, რომელთა მიზანი იყო საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაცია და სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მათი დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები ძირითადად ეხებოდა ჯანდაცვას, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებს, კრიზისმა ცხადყო, რომ აღმოცენდა არანაკლები მნიშვნელობის სამართლებრივი პრობლემები. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გართულდა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებასთან ერთად“ , - განაცხადა თოთლაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 2018-2019 წლების განმავლობაში უდიდესი სამუშაო გასწია კრიზისების მართვის მიმართულებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და ევროკავშირის დახმარებით.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავდა და საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესი და სახელმძღვანელო. აღნიშნული წესი ეხება და ფუნქციებს აკისრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების სრულ შემადგენლობას, კრიზისული სიტუაციების დროს საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის მთელი სტრუქტურა. მიუხედავად, სახელმძღვანელოს სახით, წინასწარ გაწერილი სტრატეგიის არსებობისა, პანდემიის არალოკალური ბუნებიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ გლობალური კრიზის დროს მთელი რიგი გართულებების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. საგარეო საქმეთა სამინისტროში, გლობალური პანდემიის დროს სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის გაწეული დახმარების, ამ პროცესში გამოყენებული მიდგომების და აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „JPM Strategic Solutions“ მიერ განხორციელებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო