რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ სია შედგება ორი ნაწილისგან - გამურულებისა და გასამურებისგან

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული შედგება „გამურულებისგან“ და „გასამურებისგან“. ამის შესახებ გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, გამურულთა კატეგორია არის „გავრილოვის შემადგენლობა“, „წარუმატებელი მთავრობა“, „დანაშაულში მონაწილე გახარია“ და იუსტიციის მინისტრი.

„სია შედგება ორი ნაწილისგან, გამურულებისგან და გასამურებისგან. პირველ რიგში, გამურულთა კატეგორიაა გავრილოვის შემადგენლობა, ვინც არის წარუმატებელი მთავრობა, დანაშაულში მონაწილე გახარია, იუსტიციის მინისტრი. ძველი სახეები გამოცდილებას ნიშნავს. მე ჩემი თავი მიმაჩნია ძველ სახედ, მაგრამ ახალი იდეებით. ძველი სახე ნიშნავს პოლიტიკაში გამოცდილებას, თუ რეპუტაცია არ გაქვს შელახული, გავრილოვის შემომყვანი არ ხარ და ადამიანების თვალის დამთხრელი. სიის პირველ ნაწილში არიან ამ რვაწლიანი მმართველობის შემადგენელი ნაწილები და არქიტექტორები, მაგალითად წულუკიანი, რომელიც ერთადერთი მინისტრია, რომელიც არ შეცვლილა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ნუ გგონიათ, რომ ეს ადამიანები ახალი სახეები არიან. ესენი არიან საკმაოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკები. მაგალითად, თბილისის ვიცე-მერი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს ვაკეში მანქანების დამტვრევისთვის და ამ საშინელი რაღაცის გაკეთებისთვის.

ზოგადად ხომ გვინახავს, უცხოეთში არის ხოლმე უფრო ხშირად, ბუხარში სუფთა მწმენდავი რომ ჩაძვრება და გამოვა საშინელი სახით. ამ პარლამენტში ასე შემოვიდნენ ლამაზი სახეებით, ასე იდგა სოფო კილაძე, წილოსანი, ჩუგოშვილი და სხვები“, - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება სპორტსმენებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არიან, გოცირიძის შეფასებით, ისინი ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდებელი ბრჭყვიალა ფიგურები არიან.

„სანიკიძეზე აუგი როგორ უნდა თქვა? მფრინავ ქართველსაც ეძახიან, ან კაჭარავაზე, რომელიც არის უნიკალური სპორტსმენი, მაგრამ ნოდარ დუმბაძესთან რომ არის, „მოგიკვდეს იდიოტი მამა, რა გინდოდა წვენებშიო?“ - ასეა აქაც. რა გინდოდა პარლამენტში, აქ ხომ კანონებს ქმნიან? რად გინდა, რომ ყოველ ექვს თვეში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სიაში მოხვდე და ტელევიზორში გაჩვენონ, რომ ესენი არიან ხმაამოუღებელი დეპუტატებიო? ესენი არიან ბრჭყვიალა, სიმპატიური ადამიანები, ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდებელი ფიგურები. საბოლოოდ ამათ ყველას აქვს ერთი დამღა -მორჩილება. ესენი არიან ივანიშვილის დავალებების შემსრულებლები, პულტზე ხელის დამჭერები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ სიის პირველი ოცეული გუშინ დაასახელა. ოცეულში სპორტსმენები ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა არიან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა