კახა კუჭავა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გზავნილია როგორც ამერიკელი ინვესტორებისთვის, ისე ყველასთვის, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში წარმოადგენს არა მხოლოდ შეფასებას, ფაქტობრივად ეს არის გზავნილი როგორც ამერიკელი ინვესტორებისთვის, ასევე მსოფლიო მასშტაბით ყველასთვის, რომ საქართველოში შეიძლება ბიზნესის კეთება, ვინაიდან საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ განახორციელონ ინვესტიციები.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის მკაფიო პასუხი ოპოზიციის ბრალდებებზე და ამან საბოლოდ დაუსვა წერტილი იმ სპეკულაციებს, რასაც განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ეს ანგარიში, ჩემი აზრით, არის დოკუმენტი, რომლითაც უნდა იამაყოს არა მხოლოდ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, არამედ თითოეულმა ქართველმა, ვინაიდან ეს არის დოკუმენტი, რომელშიც არა მხოლოდ დეტალურად არის აღწერილი ყველა ის პოლიტიკური პროცესი, რეფორმები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებდა, არამედ დადებითი შეფასებები მიეცა საქართველოს ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმოადგენს არა მხოლოდ შეფასებას, ეს ფაქტობრივად არის გზავნილი როგორც ამერიკელი ინვესტორებისთვის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ყველასთვის, რომ დაინტერესდნენ საქართველოთი, ჩამოვიდნენ და აკეთონ აქ ბიზნესი, რომ გაიზარდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. ის შეფასებები, რომლებიც ჩვენ ამ ანგარიშში მოვისმინეთ, და სხვათა შორის შედარებებიც კი ძველ ხელისუფლებასთან, თუ რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა, არის ეს კერძო საკუთრების კუთხით, საინვესტიციო გარემოს კუთხით, ბიზნესის კეთების გარემოს კუთხით - პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მაღალია ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა. ამავე დროს ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას და მიუხედავად მცდელობებისა, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც თავიანთი პარტიული მიზნების გამო ცდილობენ ქვეყანას შეულახონ სახელი, ეს მცდელობა არის უშედეგო და სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ასე ვთქვათ, საბოლოდ წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რასაც განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი", - განაცხადა კახა კუჭავამ.

როგორც კუჭავა აღნიშნავს, ეს ეხება როგორც ბიზნეს დავებს, საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის კეთების გარემოს, სიტყვის თავისუფლებას, კონკრეტულ ფაქტებსაც, მაგალითად, პარლამენტში შეჭრის მცდელობას, რომელზეც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს".

მისივე თქმით, ასე იქნებოდა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში, სადაც მცდელობა ექნებოდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკანონოდ შეჭრის მცდელობას - სამართალდამცავებს ევალებათ და ვალდებულიც არიან კანონის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება.

კახა კუჭავას შეფასებით, აღნიშნული ანგარიში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდამჭერი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და საბოლოოდ წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას, როცა მავანნი ცდილობდნენ საქართველოს სახელით განხორციელებული რეფორმების უგულებელყოფას.

კახა კუჭავას კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო