თსუ-ში კონფერენცია „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა

COVID-19-ით გამოწვეული მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის გაანალიზებას და სამოქმედო სტრატეგიის დასახვას მიეძღვნა მე-3 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ. კონფერენცია ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გაიმართა და პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას მიეძღვნა.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კონფერენციის თემა - პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ეკონომიკის სექტორი ამ პირობებში, საკმაოდ აქტუალურია.

„მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება და აკადემიური სექტორი ერთად მუშაობდეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოვიდეთ იმ სიტუაციიდან, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მსოფლიოა“, - განაცხადა შარვაშიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა თსუ-ს მნიშვნელოვან თემაზე გამართული კონფერენციისთვის.

„ამ ტიპის დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სექტორი - აკადემიური ნაწილი, ხელისუფლება და ბიზნესი იღებს, არის მნიშვნელოვანი. მსგავსი კონფერენციები გვეხმარება იმაში, თუ როგორი ტიპის ადაპტაცია და რა გადაწყვეტილებები გვჭირდება ეკონომიკის სტაბილიზაციისთვისა და მისი აღდგენისთვის,“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, გლობალური გამოწვევა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის მათ თანამშრომლობას თსუ-ს მეცნიერ-ეკონომისტებთან.

„ჩვენი გუნდი, ხელისუფლება, სამინისტრო ვეყრდნობით ქართველ მეცნიერ-ეკონომისტების მოსაზრებებს, რჩევებს. ამიტომაც არის ჩვენი პოლიტიკა რეალისტური, გააზრებული, დასაბუთებული და შეიცავს მხოლოდ შესრულებად ამოცანებს. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვებთან, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკურ პრობლემებზე. დღევანდელი ჩვენი გლობალური გამოწვევა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ჩვენს თანამშრომლობას თსუ-ს მეცნიერ-ეკონომისტებთან და ეს ჩვენი კარგი ტრადიციაა,“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ ქვეყნის სამსახურში თსუ-ს ეკონომისტების მზადყოფნასა და ჩართვაზე გააკეთა აქცენტი. კონფერენციის ორგანიზატორის, თსუ-ს პროფესორის ლადო პაპავას განცხადებით, „წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეულ მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკურ კრიზისს“.

კონფერენციაზე თსუ-ს დოქტორანტთა საუკეთესო ნაშრომისთვის ნოდარ ხადურის სახელობის პრემია გადაეცა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტს ცოტნე მარღიას თემისთვის „მაკროეკონომიკური პანდემიის დროს მომხმარებლის ქცევა და შეკავების ოპტიმალური პოლიტიკა.“

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა