გია ხუხაშვილი - ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს, მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი სწორედ იმის გამო გახდა, რომ 20 ივნისის მოვლენები მოხდა. აღნიშნულის შესახებ გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ექსპერტი განმარტავს, ბიძინა ივანიშვილისთვის მაღალ თანამდებობაზე კომპრომეტირებული პირები არიან კომფორტული. ხუხაშვილის თქმითვე, ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ ყველაზე დიდ შედეგს გახარია მოუტანს.

„რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი მანკიერი სისტემიდან გამომდინარე, ის პრემიერ-მინისტრი ზუსტად იმიტომ გახდა, რომ 20 ივნისის მოვლენები მოხდა. თითქოს, უცნაურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ამაში არის მწყობრი ლოგიკა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კომპრომეტირებული პირები არიან ბევრად უფრო კომფორტულები მაღალ თანამდებობაზე, იმიტომ, რომ კომპრომეტირებული პირი მისთვის აღარ არის სახიფათო. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად მას შემდეგ დანიშნა გახარია, რაც 20 ივნისი მოხდა, იმიტომ რომ ჩათვალა, არ შეიძლებოდა მისთვის გახარია სახიფათო ყოფილიყო.

რაც შეეხება მის პრემიერ-მინისტრობას, მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი გააჩნია დღეს და მინიმუმ საღად მოაზროვნე ადამიანია, გადაწყვეტილებების სწორად გაჟღერების უნარებს ავლენს, გახარიაა. შეიძლება ძალიანაც არ ეპიტნავება, მაგრამ დღეს ბიძინა ივანიშვილს აქვს ასეთი ამოცანა, რომ გახარიას შეასრულებინოს შავი სამუშაო, ის აიფაროს და თვითონ მართოს, ანუ ძალაუფლება ისევ თვითონ შერჩება, იმიტომ, რომ გახარია აღარ არის მისთვის საშიში, ის ასე ფიქრობს. ამ მანკიერ მართვის მოდელში, როცა ინსტიტუციური ცენტრი არის სხვაგან და გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრი არის სხვაგან, ეს მოდელი გახარიას ხელით მისთვის ადვილი განსახორციელებელია.

მისთვის ეს ადამიანები, „ქართული ოცნება“ რა არის - ეს არის სააქციო საზოგადოება, რომლის 100% აქციების თვითონ ეკუთვნის, ნიშნავს მენეჯერებს, თავში არავის უნდა აუვარდეს, თუ აუვარდება, გააგდებს, მოხსნის.

ეს არის მისი მოდელი, ანერვიულებს გახარიას პოპულარობა, რადგან საფრთხეს უქმნის მითოსს ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის და შეუცვლელობის შესახებ, მაგრამ მეორეს მხრივ, სხვა რა გზა აქვს, ვიღაც ხომ უნდა აიფაროს და აფარებული ჰყავს გახარია. იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს. მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის. ერთ დღეში შეუძლია მოხსნას.

რა მნიშვნელობა აქვს სიაში ვინ ეწერება? ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები, საერთოდ არჩევნები არ არის. ახლა ჩვენ ვართ პროცესში, როცა ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს საკუთარი კეთილდღეობის და უსაფრთხოების შენარჩუნების ინსტრუმენტს ვიღაც ადამიანების პარლამენტში შესვლის ხარჯზე. რა კავშირი აქვთ ამ ხალხს რეალურ პოლიტიკასთან? საბჭოური მოდელი - მეცნიერები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, პოლიტიკასთან შეხება რომ არ ჰქონიათ, ისეთი ადამიანები. მარტო საბჭოთა კავშირში იყო შრომის გმირები, ფეიქრები და ა.შ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. ამ ადამიანების მოვალეობა ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები ქაღალდზე გადაიტანონ და პულტს თითი დააჭირონ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს