განათლების საკითხებში ექსპერტი - რა შეიცვლება ორი კვირის შემდეგ? - ჩვენ შეგვიძლია ამას ონლაინ სწავლება დავარქვათ, მაგრამ რეალურად ეს არის ფორმალობა

არ ველოდი თუ სასწავლო პროცესი გადაიდებოდა. მიჩნდება კითხვა, რა შეიცვლება ორი კვირის შემდეგ?! - ამის შესახებ განათლების ექსპერტმა, „სამოქალაქო განათლება - მომავლის თაობის“ პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში სკოლები სასწავლო პროცესის დასაწყებად ემზადებოდნენ და სწავლის გადაწევის გადაწყვეტილებით გამოდის, რომ სკოლების შრომა წყალში ჩაიყარა.

„არ ველოდი თუ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, როგორც კერძო ასევე, საჯარო სკოლები სასწავლო პროცესისთვის ემზადებოდნენ იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ყველა ის ზომა, რაც საჭირო იყო კორონავირუსის პრევენციისთვის. სკოლების გარკვეულმა ნაწილმა მე ვფიქრობ, შეძლო და დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა ვერ დააკმაყოფილა, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, მოსწავლეთა მაღალ კონტიგენტს, მაშინ როდესაც შენობაში საკმარისი ადგილი არ არის. როდესაც პრევენციულ ზომებზე ვსაუბრობთ აუცილებელია, რომ დისტანცია იყოს მოსწავლეებს შორის დაცული და ამ დროს აუცილებელია, რომ კლასები დაიყოს და ამას, რა თქმა უნდა, საკმარისი ფართობი სჭირდება. სკოლებმა ბევრი გააკეთეს ჰიბრიდული სწავლებისთვისაც და ძალიან ბევრი იმუშავეს, რომ ყველა რეკომენდაცია დაეცვათ და გამოდის, რომ მათი შრომა წყალშია ჩაყრილი“, - განაცხადა მარინა უშვერიძემ.

განათლების ექსპერტის თქმით, სასწავლო პროცესის გადადება განსაკუთრებით საზიანო პირველკლასელებისთვის იქნება.

„ვერაფრით გავამართლებ ონლაინ სწავლებაზე გადასვლას. რა შეიცვლება 2 კვირაში ან თუნდაც 1 თვეში? სასწავლო წლის დასაწყისში ეს დრო იქნა დაკარგული. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მაგრამ დანარჩენ კლასებშიც ვერაფრით თამამად ვერ ვიტყვით, რომ გაზაფხულის სემესტრის სწავლება იყო სრულიად სრულყოფილი. ჩვენ ამას შეგვიძლია დავარქვათ ონლაინ სწავლება, მაგრამ რეალურად ამას ადგილი არ ექნება პირველკლასელების შემთხვევაში. გამოდის, რომ ეს არის უბრალოდ ფორმალობა“, - განაცხადა უშვერიძემ.

ექსპერტი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ელექტრონულ სწავლებაში ბევრი სირთულეა დაუძლეველი.

„გერმანიაში მიუხედავად დაძაბული ეპიდვითარებისა სასწავლო პროცესი აღდგა, რადგან მიხვდნენ, რომ ონლაინფორმატი არ გამოდიოდა. ჩვენმა პედაგოგებმა ძალიან მოინდომეს რომ ელექტრონული სწავლების პლატფორმები აეთვისებინათ, მაგრამ ბევრი ისეთი ობექტური ფაქტორია, რომლის სირთულეებს ამ ეტაპზე და ამ საშუალებებით, დაუძლეველს ხდის. ამიტომ ან არაფერი ან ყველაფერი მიდგომა ჩვენ არ გამოგვადგება და ვიმედოვნებ რომ სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება“, - აცხადებს მარინა უშვერიძე.

გარდა ამისა, უშვერიძე ვარაუდობს, რომ სწავლის დაწყების თარიღის გადაწევის გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის მიღებული, რადგან განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის დასაწყებად ემზადებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო