შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჟენევის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ჟენევის თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან და ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება განიხილა.

მათივე ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა დეტალურად იმსჯელა, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე გამოწვევებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით; პრობლემებზე - რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელის გახსნის აუცილებლობას, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია, რაც უმძიმეს ჰუმანიტარულ გარემოში ამყოფებს იქ მცხოვრებ მოსახლეობას.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე, ე.წ. ბორდერიზაციის, მოსახლეობის გატაცებების და დაკავებების ჩათვლით, რაც პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა და დღემდე გრძელდება. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ხურვალეთში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის განსაკუთრებულ როლს. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჟენევის ფორმატის გააქტიურებას და მისი ეფექტიანობის გაზრდას. მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ძირითადად მეორე სამუშაო ჯგუფის თემები, რომლის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო და ღირსეული დაბრუნება. ხაზგასმით აღინიშნა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის აუცილებლობა.

თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ამ კონტექსტში დეტალურად იქნა განხილული სამშვიდობო ინიციატივები და მათ შემდგომ განხორციელებასთან დაკავშირებული ხედვები.

“ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებასთან დაკავშირებული მრავალი ასპექტი. განსაკუთრებით აღვნიშნე, რომ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები, როგორც ე.წ. ბორდერიზაციის, ასევე მოსახლეობის უკანონოდ დაკავებების სახით. აქცენტი გავაკეთე ბოლო დღეების განმავლობაში სოფელ ხურვალეთში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელება, რათა გაძლიერდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ შეწყდეს დესტრუქციული ქმედებები და მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ინტენსიურ და ყოველდღიურ მუშაობას ამ თემებზე, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის და საშუალების გამოყენებით“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

როგორც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით არსებული ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჟენევის მოლაპარაკებებსა და მის პორტფოლიოსთან.

„ახალ სახელმწიფო მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ დღის წესრიგით არსებული ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჟენევის მოლაპარაკებებსა და მის პორტფოლიოსთან. ასე რომ, ურთიერთობა ძალიან კარგად დავიწყეთ და მოუთმენლად ველი სამომავლოდაც ძალიან ინტენსიურ და კარგ თანამშრომლობას ახალ სახელმწიფო მინისტრთან“, -განაცხადა ტოივო კლაარმა.

იხილეთ ვიდეო:

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა