მიხეილ ჩხენკელი - მჯერა, შევძლებთ ამ ყველაფერთან გამკლავებას და სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს – ყველა სკოლაში დავბრუნდებით საკლასო ოთახებში

2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებაც უჩვეულო პირობებში გვიწევს, - ასე მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

მისივე თქმით, თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, სტუდენტის, ლექტორისა და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავია, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნუციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

„გაზაფხულის სემესტრში პანდემიის პირობებში საქართველოს განათლების სისტემა უმოკლეს დროში ადაპტირდა ახალ რეალობასთან და ჩვენ გუნდურად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ღირსეულად და სამაგალითოდ გავუმკლავდით არსებულ გამოწვევას. შედეგად, შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა და ხარისხი. ამიტომ, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას ჰიბრიდული სწავლების თვალსაზრისით უკვე საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული.

წინა სემესტრში პროექტი „ტელესკოლა“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც საშუალება მოგვცა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სწავლაზე ხელმისაწვდომობა. ამჟამადაც, 15 სექტემბერს, პროექტი „ტელესკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება დისტანციური სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი, სერიოზული დამატებითი რესურსი ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის.

იმისათვის, რომ წარმატებით დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა, თითოეული მოქალაქისაგან საჭიროა უდიდესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერთან გამკლავებას და სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს – ყველა სკოლაში დავბრუნდებით საკლასო ოთახებში, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში.

მე, როგორც, მინისტრი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, სტუდენტსა და ლექტორს, მშობელს, საგანმანათლებლო დაწესებულებების უკლებლივ ყველა თანამშრომელს თქვენი გამძლეობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის.

ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!“ - ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა