გორში მომხდარი ჩხუბის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გორში მომხდარი ჩხუბის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. როგორც ცნობილია, 8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი 12 სექტემბერს, თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ერეკლეს მშობლებს კითხვები აქვთ კლინიკასთან, ექიმებთან და მთელ რიგ გარემოებებზე, როგორც სამართლებრივად, ისე სამედიცინო კუთხით, შესაბამის ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ.

„ერეკლეს ოჯახს აქვს პრეტენზია და კითხვები კლინიკასთან, სადაც მას მკურნალობა უტარდებოდა და ასევე ექიმებთან. როდესაც შემთხვევიდან პირველივე წუთებში გაკეთდა განცხადება, რომ ის ტრავმები, რაც აღენიშნებოდა ერეკლე თედლიაშვილს იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ამის შემდეგ, კლინიკა „ჯერარსში“ ექიმები იმედს აძლევდნენ ოჯახს, რომ პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა და უფრო მეტიც, რაც ყველაზე მეტ კითხვას აჩენს და ექიმების კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს, ან აჩენს კითხვებს - მოხდა ეს მათი მხრიდან შეგნებულად თუ შეუგნებლად - კლინიკამ, პირდაპირ რეანიმაციიდან, ფაქტობრივად მომაკვდავი ბავშვი გაწერა სარეაბილიტაციო ცენტრში და ფაქტი სახეზეა - „,ნიუ ჰოსპიტალში“ ისე დამძიმდა ერეკლეს მდგომარეობა, რომ კვლავ დააბრუნეს კლინიკა „ჯერარსში“.

დღეს ერეკლეს დაკრძალვაა და როგორც კი ჩაივლის ეს უმძიმესი დღეები, ოჯახი ყველა კითხვით დაინტერესდება და როგორც სამართლებრივად, ისე სამედიცინო კუთხით, მოითხოვს შესაბამის ახსნა-განმარტებებს ამ გარემოებებზე.

რაც შეეხება გამოძიებას, ოჯახი თავიდანვე ნდობას უცხადებდა გამოძიებას, პირი, რომელმაც ერეკლე თედლიაშვილს დაზიანებები მიაყენა, არის ბრალდებული და ჩვენ სასამართლოს ვანდობთ გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.

შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან ,,ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილს სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა