ივანე ჩხაიძე - არავინ მალავს, რომ ყოველდღიურად, 500-600 პაციენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის შეფასებით, ყოველდღიურად, კორონავირუსით ინფიცირებულ 500-600 პაციენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. როგორც მან დღევანელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კარგა ხანს ძალაში იქნება ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები დაავადების მართვისთვის გასცემენ.

„არავინ მალავს, რომ ყოველდღიურად, 500-600 პაციენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, რადგან პროცენტულად მძიმე შემთხვევების რაოდენობა ბევრი იქნება. ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაც მაღალი იქნება. ასევე იქნება რისკი, რომ პაციენტებს საწოლების საკმარისი რაოდენობა ვერ შევთავაზოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს გაგრძელდება არა ერთი და ორი დღე, არამედ ერთი ან 2 თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამის რისკი არსებობს. რაც შეეხება ჩაკეტვას და იმ რეკომენდაციებს, რომელსაც სხვადასხვა სტრუქტურა იძლევა, მკაფიოდ ამბობს, რომ პერიოდი, როდესაც ჩვენ მკაცრი კარანტინი გვქონდა, აღარ უნდა გაგრძელდეს. ამიტომ, დღეისთვის კარანტინი არ განიხილება ამ დაავადების მართვის აქტიურ და ეფექტიან საშუალებად. რეკომენდაციები, რომელსაც ვიძლევით: ხელების დაბანა, დისტანცის დაცვა, ნიღბის გამოყენება, ძალაში დარჩება არა მარტო დღეს, არამედ ალბათ, ძალიან დიდი დროის განმავლობაში, სანამ კორონავირუსი იქნება“,-განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, თუ ზამთარში გრიპის შემთხვევების რაოდენობის მატება იქნება, მაშინ საავადმყოფოს საწოლები მზად უნდა იყოს, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული, ისე გრიპით დაავადებული პაციენტების მისაღებად. მან მოსახლეობას გრიპის ვაქცინაციის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდა.

„ამიტომ, ახლა ჩვენი ძირითადი საზრუნავი არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. როგორც წესი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საუკეთესო პერიოდად ნოემბრის თვეს მივიჩნევდით, მაგრამ ახლა სასურველია, რომ ვაქცინაციის დაწყების თარიღმა გადმოიწიოს. სექტემბრის ბოლოდან სავარაუდოდ ვაქცინა უკვე იქნება ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ მოსახლეობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფები ვაქცინაციას რაც შეიძლება ადრე, ოქტომბრის პირველივე დღიდან დაიწყებენ, როგორც კი ვაქცინა საქართველოში შემოვა“,-აცხადებს ჩხაიძე.

მისი განმარტებით, ზამთარში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების მატება იმიტომაც არის მოსალოდნელი, რომ დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების რისკი მოიმატებს.

„ის, რასაც ვამბობთ, რომ ზამთრის სეზონი რთული იქნება, ეს ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის შემთხვევებს გრიპის ვირუსის შემთხვევები დაერთვება. მეორე, ასევე კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ვირუსის გავრცელება დახურულ სივრცეში გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე ღიაში. ამიტომ, ზამთარში, როდესაც სიცივისა და ტემპერატურული რეჟიმის გამო გვექნება აუცილებლობა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა მოიყაროს თავი დახურულ სივრცეში, რა თქმა უნდა, ლოგიკურად იქნება კორონავირუსის შემთხვევების მატება. თუმცა, ამ მატების ოქტომბერთან დაკავშირება ჩემთვის ცოტა აუხსნელია“,-აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო