გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, თბილისში სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და დელეგატები ჩამოვიდნენ

მსოფლიოში პირველად, კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში, საქართველოში მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიება გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, 15-17 სექტემბერს, თბილისი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას უმასპინძლებს.

უწყების ცნობით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად თბილისში უკვე ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და დელეგატები. სტუმრებს აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დახვდნენ. დღის ბოლოს საქართველოს გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ეწვევა.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა თბილისში 16-17 სექტემბერს გაიმართება. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება. ღონისძიება ქართველი ეპიდემიოლოგების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერულ რეისს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვლენ, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად 4 ეპიდემიოლოგი ჩამოჰყვება.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას აქტიურად გააშუქებს საერთაშორისო მედია - საქართველოში ეწვევიან ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, როგორიცაა: “The New York Times,” “BBC Travel,” Euronews, “Frobes და სხვა. საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდება მსოფლიო მედიის ფოკუსში, როგორც პანდემიისგან უსაფრთხო ქვეყანა, სადაც გაეროს ორგანიზაცია - UNWTO თავის პირველ პოსტპანდემიურ მაღალი რანგის შეხვედრას ატარებს. საერთაშორისო მედიაში გავრცელდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები, რაც საქართველოს როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას ხელს შეუწყობს",-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა