პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი მასწავლებლებს - დაიცავით ყველა რეკომენდაცია, თქვენს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული აღსაზრდელების ჯანმრთელობაც და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე მასწავლებლებს, სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლების წარმომადგენლებს ახალი აკადემიური წლის დაწყებას ულოცავს. ის იმედოვნებს, რომ მალე გადაილახება კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული სიძნელეები და მათ აღსაზრდელებთან, მოსწავლეებთან ტრადიციული კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებათ.

ის პედაგოგებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ როგორც პირად, ასევე სხვების ჯანმრთელობას და ყველა რეკომენდაცია დაიცვან.

„ალბათ ყველა დაგვეთანხმება, ურთულეს და არაორდინალურ პირობებში გვიწევს სასწავლო წლის დაწყება. ასეთი სიტუაცია არ ყოფილა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. მსოფლიო პანდემიას ემატება ის უამრავი გადაუწყვეტელი პრობლემა, რაც დაკავშირებულია სკოლამდელ დაწესებულებებსა და საჯარო სკოლის მასწავლებელთა კარიერულ წინსვლასთან/სტატუსის ამაღლებასთან, ბარიერებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით სტატუს შეწყვეტილი და უფროსი მასწავლებლები. ამ ურთულეს ფონზე, უკანა პლანზე ინაცვლებს საზეიმო განწყობა. მიუხედავად ამისა, ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება სხვა დადებითი ემოციაა მასწავლებლებისათვის. შეხვედრა მონატრებულ მოსწავლეებთან და აღსაზრდელებთან ახალ სუნთქვას უხსნის თითოეულ პედაგოგს და აღმზრდელს. იმ განცდის ახსნა და ემოციების გადმოცემა, რაც სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება, შეუძლებელია.

ძვირფასო მასწავლებლებო, სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლების მესვეურებო, „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სახელით“ გილოცავთ ახალი აკადემიური წლის დაწყებას, განსაკუთრებით ონლაინ სწავლებაზე გადასული სკოლების მასწავლებლებს, საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალს. იმედია, მალე დასრულდება არსებული სიძნელეები და მოგეცემათ ტრადიციული კომუნიკაციის შესაძლებლობა აღსაზრდელებთან და მოსწავლეებთან.

ძვირფასო კოლეგებო, უამრავი სირთულის გადალახვა მოგვიწია განვლილ წლებშიც. გამომდინარე აქედან, დიდი იმედი გვაქვს, გამოიჩენთ სიმამაცეს, ბრძოლისუნარიანობას, მოთმინებას და ჩვეული გულისხმიერებით, უფრო შემართებით გააგრძელებთ თაობების აღზრდას.

მოგიწოდებთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაიცავით ყველა რეკომენდაცია, თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული აღსაზრდელების ჯანმრთელობაც და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა. მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მასწავლებელი არის კრიზისების მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი“,-აღნიშნულია მაია კობახიძის მისალოც წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო