განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახში 1577 სკოლაში დაიწყო, 730-მა კი დისტანციურ ფორმატში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, დღეს 1577 სკოლაში სასწავლო წელი საკლასო ოთახში დაიწყო, ხოლო 730-მა სკოლამ სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმატით განაახლა.

როგორც მან „პალიუტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა, დღეიდან ახალი სასწავლო წელი მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო.

„დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სტატისტიკურ მონაცემებს მოგახსენებთ, ეს არის 2085 სკოლა საქართველოში, როგორც კერძო, ასევე საშუალო, აქედან 220 კერძო სკოლაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1577 სკოლაში სასწავლო წელი საკლასო ოთახში დაიწყო. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამ მიმართულებით 730-მა სკოლამ სასწავლო პროცესი განაახლა“,-აცხადებს დგებუაძე.

მისი თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის ცნობილია იმ სკოლების შესახებ, სადაც სწავლების დაწყებისთვის ტექნიკური პრობლემები არსებობს. როგორც ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

„გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულად სკოლების მიხედვით, თუ რომელ სკოლაში არსებობდა გარკვეული ტექნიკური პრობლემები. აქ პრობლემა ორი მიმართულებით არის. ის, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან უნდა მოხდეს საგაკვეთილო ბადის დაორგანიზება და ასევე, ტექნიკური მიმართულებით, რაც არის მაგალითად, ინტერნეტზე წვდომა, ვირტუალური საკლასო ოთახის ორგანიზება. ამ ნაწილში ჩვენც გვაქვს ინფორმაცია და ტექნიკური მხარე მუშაობს, რომელიც ამ პროცესს განაახლებს და ხვალ უფრო გამართული დახვდებათ“,- აცხადებს დგებუაძე.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ დააგვიანეს სკოლებმა ამ კუთხით მომზადება, ეკატერინე დგებუაძემ უპასუხა, რომ „სისტემა აწყობილი იყო“.

„ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან გაზაფხულის პერიოდში, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, უკვე ყველა მასწავლებელს, ყველა მოსწავლეს თავისი ვირტუალური საკლასო ოთახი ჰქონდა. ეს სისტემა აწყობილი იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ლიცენზირებული პროგრამა, სადაც ვირტუალურად ხდება საკლასო ოთახში კლასის ორგანიზება. ეს არის უბრალოდ პროცესი, როდესაც სკოლებმა უნდა განაახლონ თავიანთი საკლასო ოთახები. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, ამ თვალსაზრისით თუ რაიმე ხარვეზი არსებობდა, ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული ტექნიკური მხარე და ეს ხარვეზი სწორდება“, - აცხადებს დგებუაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს