რომან გოცირიძე - ლარის ბედი მთავრობისა და ეროვნული ბანკის ძალიან სწრაფ მოქმედებებზეა დამოკიდებული

ლარის გაუფასურების თავიდან აცილების გარეშე ეკონომიკა და მისი ბევრი დარგი ჩამოიშლება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ახლა ლარის ბედი დამოკიდებულია მთავრობისა და ეროვნული ბანკის ძალიან სწრაფ და გადაუდებელ მოქმედებებზე.

„ლარის გაუფასურების თავიდან აცილების გარეშე ეკონომიკა ჩამოიშლება, ეკონომიკის ბევრი დარგი. განსაკუთრებით ის სფეროები, სადაც ფასები სახელმწიფოს მიერ არის რეგულირებული. მაგალითად, ენერგეტიკა ვერ გადარჩება, ვინაიდან ის განწირულია ზარალიანობისათვის. ხოლო ბიუჯეტს ამ დარგების სუბსიდირების ფული არ აქვს.

მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეაჩეროს ლარის ვარდნა. მიზეზი ძალიან ბევრია, მათ შორის ისიც, რაც იყო კორონავირუსის პანდემიამდე, ინვესტიციების კლება და ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გაუარესება. ამას დაემატა ბიუჯეტის არნახული დეფიციტი. მარტივად რომ ვთქვათ, ისესხა ფული მთავრობამ მილიარდ ნახევარი დოლარი, რაც 5 მილიარდი ლარია, ამ ლარს უშვებს მიმოქცევაში, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ლარის გაუფასურებას. მაგრამ ის დოლარები, რომელიც შემდეგ ეროვნული ბანკის რეზერვები იქნა თავმოყრილი, საგარეო ვალის სახით, ეროვნული ბანკი ვალდებულია, რომ განახორციელოს ინტერვენციები და გააჩეროს ლარის გაუფასურება. დღეს ჭარბი საგარეო ვალით აღებული ფულის მიწოდების ფაქტორი ანგრევს ლარს და ამის განეიტრალების ერთადერთი გზა არის გაშვებული ფულის უკან ამოღება, ე.წ. სტერილიზაცია ეროვნული ბანკის მეშვეობით. სხვა გზა, გარდა ინტერვენციებისა არ არსებობს დღეს. ხოლო სამომავლოდ არსებობს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გავატარებთ.

ასევე ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი არის ჩატოვებული, ძველი, უსარგებლო, კორუფციული, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესისთვის და პროექტებისთვის განკუთვნილი ხარჯები, რომელიც არ შეამცირა მთავრობამ და დღეს უკვე ორმაგ ხარჯს ეწევა აღებული საგარეო ვალით. ასევე ახლა მოუნდათ მაინცდამაინც 17 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარებების გაცემა. ამ ორმა მიზეზმა გამოიწვია კუმულაციური ეფექტი და დღეს ლარის ბედი დამოკიდებულია მთავრობისა და ეროვნული ბანკის ძალიან სწრაფ და გადაუდებელ მოქმედებებზე",- განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო