კახა კალაძე - ნელ-ნელა საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხით, ველოსიპედით სიარული, დღეს ქალაქში 650 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაცით, თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდება და კვირის ბოლოს ქალაქში ველოსიპედებით გასეირნება მოეწყობა. შესაბამისი განცხადება კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

ამასთან, თბილისის მერმა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დაგეგმილი ყველა პროექტი დედაქალაქში გადაადგილების გამარტივებას ემსახურება.

„დაწყებული გვაქვს ავტობუსების განახლების პროცესი, გვინდა, რომ ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსები და ძალიან მალე გვეყოლება ყველა ახალი ავტობუსი. პარალელურად მიმდინარეობს ქუჩების მოწესრიგება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე ხორციელდება სამუშაოები, რომ ავტობუსებისთვის იყოს სპეციალური ზოლები, სპეციალური დერეფნები, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა თავისუფლად, მარტივად შეძლოს გადაადგილება, ავტობუსით მოძრაობა იყოს ყველაზე კომფორტული. ასევე, იცით, რომ მეტროში მთელი რიგი სამუშაოები გვაქვს დაწყებული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ასევე ხორციელდება ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც გვინდა, მთელი ქალაქის მასშტაბით დავნერგოთ. ყველაფერი ეს მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში გადაადგილება მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად იყოს შესაძლებელი. ეს შეეძლოს როგორ ავტობუსს, კერძო ავტომობილს, ველოსიპედს, ელექტროსკუტერს, ფეხით მოსიარულეს, ყველას ჰქონდეს თავისი სივრცე. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც კერძო ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ, თუ ჩვენ დღეს კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდგით, ის ნაბიჯები, რომელიც უკვე გადადგა განვითარებულმა დიდმა ქალაქებმა, სადაც იგივე პრობლემები იყო. იქაც ანალოგიური სირთულეები იყო - ავტომობილების რაოდენობა, გამონაბოლქვი და ა.შ. ამ მიმართულებით დღემდე მიმდინარეობს მუშაობა ჩვენზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და ქალაქებში, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ჩვენც, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების, მოქალაქეების, მომავალი თაობების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციელება და ყველაფერის გათვალისწინება“,- განაცხადა კალაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, დედაქალაქის მთავრობის მიდგომაა, რომ ქალაქში გადაადგილების მიმართულებით არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს და ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დრო 7-10 წუთამდე შემცირდეს.

„ნელ-ნელა საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხით, ველოსიპედით სიარული. რამდენად მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტარსპორტი. დღეს ქალაქში 650 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც პრობლემას წარმოადგენს ჩვენი რელიეფიდან, არსებული ქუჩებიდან გამომდინარე. ქუჩებს ხომ ვერ გავზრდით, გავბერავთ. ის, რომ ყოველწლიურად იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა, განპირობებულია იმით, რომ საზოგადეობრივი ტრანსპორტი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, იყო გაუბედურებული, არავის ჰქონდა სურვილი, რომ ემგზავრათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“,- განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს