ადამიანის უფლებათა ცენტრი - ირაკლი ოქრუაშვილის საქმის მოსამართლემ HRC-ის მონიტორი სასამართლო სხდომაზე არ დაუშვა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორი ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის (ე. წ. ბუტა რობაქიძის საქმე) სასამართლო განხილვაზე არ დაუშვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საერთო სასამართლოებისთვის რეკომენდაციები კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რეკომენდაციები მათ შორის ეხება სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის - მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობის შეზღუდვას, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროცესების დახურვას და დასწრების მსურველთა სრულ შეზღუდვას. ამის საპირისპიროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ სრულად შეზღუდა სხდომებზე დამსწრე პირთა რაოდენობა, რითაც, ფაქტობრივად, სასამართლო სხდომა დახურა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა (მონიტორმა) განცხადებით მიმართა მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე დასწრების მოთხოვნით, მაგრამ როგორც მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო კომუნიკაციით გახდა ცნობილი, განცხადების მიუხედავად, მოსამართლემ პროცესზე მონიტორის დასწრებაზე უარი განაცხადა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებს სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლება არ ეძლევათ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ცენტრის დამკვირვებლებს, ასევე, არ მიეცათ საშუალება, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სასამართლო პროცესს დასწრებოდნენ, მათ შორის - იმ სხდომებს, რომლებიც დისტანციურად მიმდინარეობდა. ამ მანკიერ პრაქტიკასთან დაკავშირებით, ცენტრმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეაგირების მოთხოვნით მიმართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული. ასევე, ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი - საჯაროობის პრინციპი და ეწინააღმდეგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო