შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, გიგა ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ჟვანიას რკინის ხელკეტი ჰქონდა, თუმცა, მისი გამოყენება არ დაუნახავს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ლ.შ.-ს ადვოკატის ზაქრო გვიშიანის განცხადებით, გიგა ტატიაშვილმა სასამართლოში დაადასტურა, რომ ნიკა ჟვანიას რკინის ხელკეტი ჰქონდა, თუმცა, მისი გამოყენება არ დაუნახავს.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ გიგა ტატიაშვილი მცხეთაში იმის გამო დაბრუნდა, რომ მას ბრალდებულმა ირაკლი მუმლაძემ უთხრა, რომ თენგო ბარბაქაძეს იქიდან მანქანა ჰყავდა წამოსაყვანი.

"ტატიაშვილმა განმარტა, რომ აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ თბილისში მალევე წავიდნენ და არ მოუკითხავთ დანარჩენი მეგობრები - ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი ვის გაყვნენ. შემდეგ, ირაკლი მუმლაძემ უთხრა მას, რომ თენგო ბარბაქაძეს მცხეთაში ავტომანქანა ჰყავდა დატოვებული და ამის გამო დაბრუნდნენ. შემდეგ გაიგო, რომ წამოსაყვანი იყო ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი. რაც შეეხება კონფლიქტს, მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვინ სცემეს. თქვა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას ხელში რაღაც ხელკეტი ეჭირა. მანვე განაცხადა, რომ თბილისში წასვლა სურდა, რადგან აგარაკზე კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო და არ სურდა ის გაგრძელებულიყო. მას სურვილი გაუჩნდა, ეთქვა, რომ თითქოს, ახლო-მახლო პოლიცია იყო, რის შემდეგაც ყველანი მანქანაში ჩასხდნენ და თბილისში დაბრუნდნენ. ჟვანიას ხელში რკინის ხელკეტი, ნაჭერი რომ ეჭირა, ამას არ უარყოფს, მაგრამ ამ რკინის ნაჭრით ჟვანიამ ვინმე სცემაო, ასეთი რამ ტატიაშვილს არ უთქვამს. გიდასტურებთ, რომ ჩვენებაში ნამდვილად არის ეს ინფორმაცია, რომ ტატიაშვილი ამბობს, გიორგი ქათამაძეს ჩემ გარდა ყველა ურტყამდაო, მაგრამ სასამართლოში არ უთქვამს, ჩემ გარდა ყველა სცემდაო", - განაცხადა გვიშიანმა.

კითხვაზე, რკინის ხელკეტი ტატიაშვილს მანქანაში ჰქონდა თუ არა, ადვოკატი პასუხობს, რომ მას მანქანაში აღნიშნული საგანი არ ჰქონია.

"ეს კითხვა როგორც მახსოვს, ბრალდების მხარემ დასვა და ტატიაშვლმა უპასუხა, რომ ეს ხელკეტი მანქანაში არ ჰქონდა და არ იცის საიდან აღმოჩნდა იქ ხელკეტი. საქმისთვის მნიშვნელოვანი კითხვები იყო ჩვენი მხრიდან დასმული, მათ შორის, ხომ არ იყო მოწოდება, სურვილი, რომ მცხეთაში იმის გამო ჩასულიყვნენ, რომ შური ეძიათ, თუნდაც, მუხლიდან გამომდინარე, ხომ არ იყო რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება. ამაზე პასუხები იყო, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა", - განაცხადა გვიშიანმა.

მისივე განმარტებით, გიგა ტატიაშვილის ჩვენებით გამოირიცხა, რომ ძალადობის ორგანიზებას ჰქონდა ადგილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს