ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საუკეთესო კადრები მუშაობენ და მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მკურნალობის ხარისხზე და არა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს მომსახურებაზე, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო პროფესიონალი სამედიცინო კადრებით არის დაკომპლექტებული და მაღალ სამედიცინო მომსახურებას ეწევიან.
მინისტრის თქმით,პრობლემებზე თვალს არ ხუჭავს და იგი ხმამაღლა საუბრობს.
„აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს აღექვა და დაენახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში რეფორმები და მათი სწორი დაგეგმარება და შემდგომში გატარება, იმისათვის, რომ არსებული პრობლემები, რომელზეც არ ვხუჭავთ თვალს და ხმამაღლა ვსაუბრობთ, იქნას აღმოფხვრილი.
რაც შეეხება კონკრეტულად რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ის რომ საავადმყოფოები თავიანთ სტატუსს დებენ თავიანთი პროფესიონალი ექიმების დამსახურებით. რესპუბლიკურ საავადმყოფოში საუკეთესო კადრები მუშაობენ და შესაბამისად მნიშვნელოვანი არის აქ აქცენტი გაკეთდეს მკურნალობის ხარისხზე და არა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს მომსახურებაზე. პერსონალის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ტრენინგები უკვე არაერთხელ გაიარა, ამ ტერნინგებში ჩართულები იყვნენ, არა მხოლოდ ქართველი ექსპერტები , არამედ ჩვენი უცხოელი კოლეგები და წარმომადგენლები“,- აღნიშნა მინისტრმა.