ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას და აღნიშნული საქმის საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოდის, - ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ევროპარლამენტარებმა დღეს მიიღეს.
ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ გამოყენებული შხამი, რომელიც მიეკუთვნება "ნოვიჩოკის ჯგუფს", მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამხედრო ლაბორატორიებში შეიძლება შეიქმნას და მისი შეძენა არ შეიძლება კერძო პირების მიერ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თავდასხმის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას.
ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ ნავალნის მკვლელობის მცდელობა იყო რუსული დისიდენტური ხმების გაჩუმების სისტემური მცდელობა. ტექსტში აღნიშნულია, რომ ნავალნის საქმე რუსეთის ფართო პოლიტიკის მხოლოდ ერთი ელემენტია, რომელიც ორიენტირებულია რეპრესიულ შიდა პოლიტიკასა და აგრესიულ ქმედებებზე მთელ მსოფლიოში.
ევროპარლამენტარები მოითხოვენ დაიწყოს ნავალნის საქმის საერთაშორისო გამოძიება და მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, სრულად ითანამშრომლოს ამ გამოძიებასთან და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს.
დოკუმენტს 532 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 84-მა წევრმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 72-მა კი თავი შეიკავა.