ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი, სადაც თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება, კეთილდღეობის ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.

ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში ეკონომიკამ დაკარგა მიმზიდველობა.

„საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა უმუშევრობის, ფასების ზრდის, სიღარიბის თვალსაზრისით იყო კოვიდ კრიზისამდეც. 2019 წელს რეკორდულად იყო შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეს ცხადად აჩვენებს,რომ საქართველოში ეკონომიკამ დაკარგა მიმზიდველობა. რამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები? რამ უნდა დაასტაბილუროს ლარი? რამ უნდა შეაჩეროს ფასების ზრდა, თუ ქვეყანაში არ შემოვა ინვესტიცია? ინტერესი ბიძინა ივანიშვილის არის ის, რომ არ შემოვიდეს ინვესტიცია. ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი, სადაც თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება, კეთილდღეობის ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ვრჩებით ჭაობი, სადაც ადამიანებისთვის პერსპექტივა არ არის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის სიტყვით გამოსვლა „უტიფრობა“ იყო.

„ქალბატონი ნათია, თქვენ მინისტრის მოადგილე იყავით შევარდნაძის მთავრობაში, მაღალი თანამდებობები გეკავათ 2003 წლიდან 2012 წლამდე, დღეს მინისტრი ბრძანდებით „ქართული ოცნების“ მთავრობაში. ახლა რასაც თქვენ ლაპარაკობდით ტრიბუნიდან 2008 წელთან დაკავშირებით, ამას ვოლსკი რომ ლაპარაკობს, ეს გასაგებია, ის ამას ლაპარაკობს მუდმივად, 10-12 წელიწადია, მაგრამ თქვენ, რომელიც მთავრობაში იყავით, ხედავდით როგორ დადიოდა კაბინეტიდან კაბინეტში გიორგი კანდელაკი, ქუთაისის აეროპორტი რომ გახსნილიყო და „ვიზეარი“ და „რაინეარი“ შემოსულიყო და მიუხედავად ამისა, ამას ტრიბუნიდან ლაპარაკობთ, უბრალოდ სირცხვილია. ოდესმე ხომ უნდა შევხვდეთ ან დერეფანში, ან ქუჩაში და თვალებში ერთმანეთს ხომ უნდა შევხედოთ? ასეთი უტიფრობა, რაც მე ახლა თქვენგან მოვისმინე, პირადად მე, ადამიანი, რომელიც დიდი ხანია გიცნობთ, გაოგნებული ვარ. ეს წარმოუდგენელია, რაც თქვენ აქედან ილაპარაკეთ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარსდგა. თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა