გაერო-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც 2021-2025 წწ. გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი მიიღეს

გაერო-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ერთხმად მიიღეს 2021-2025 წწ. გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი, (UNSDCF) მისი შესაბამისობა მთავრობის პრიორიტეტებთან და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობიდან აცნობეს, ონლაინ განხილვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით შედგა.

მათი ცნობით, შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების გახსნისას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით გაეროს სააგენტოებს, რომელთა უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ეს ჩარჩო-დოკუმენტი.

მან აღნიშნა, რომ COVID-19-მა, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც გამოავლინა გამოწვევები სოციალური და ეკონომიკური ბალანსის თვალსაზრისით. ამიტომ მიესალმება დოკუმენტში გაცხადებულ სურვილს, ხელი შეუწყოს წარმოქმნილი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრას და ქვეყნის სამომავლო განვითარებას.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და ყველა პარტნიორს გაეროს მუშაობის მუდმივი მხარდაჭერისთვის და ამ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში თანამონაწილეობისთვის.

,,ეს ჩარჩო-დოკუმენტი შრომატევადი და ხანგრძლივი მუშაობის შედეგია, რომელიც ასახავს უკვე მიღწეულ წარმატებებს, და ასევე განსაზღვრავს სფეროებს, სადაც გვინდა გავაგრძელოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა გრძელვადიანი უკეთესი შედეგების მისაღწევად,” - აღნიშნა საბინე მახლმა. ,,გაეროს ახალი ჩარჩო-დოკუმენტი გამსჭვალულია მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებით და მიზნად ისახავს თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ადამიანების დახმარებას, რათა "არავინ არ დარჩეს განვითარების მიღმა“.

გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელმა, მარინე ჩიტაშვილმა ისაუბრა სტრატეგიული მიმართულებების შესახებ, რომელიც ხუთ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს. მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ჩარჩოს გამორჩეული მახასიათებელია - მისი მიზანი, ხელი შეუწყოს ყოვლისმომცველი პარტნიორობის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელთა ინოვაციური პოტენციალი სასარგებლო იქნება მიზნების მისაღწევად.

გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი განსაზღვრავს გაეროს ხედვას 2021-2025 წლებისთვის ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და კარგი მმართველობის გაძლიერება, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, და განვითარების პროცესში მოქალაქეთა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ჩართულობა.

ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავება იყო კომპლექსური და თანამონაწილეობითი პროცესი, რომელშიც ჩართულები იყვნენ სამინისტროები, სახელმწიფო დაწესებულებები და საერთაშორისო ორგანიზაციები. განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიების მსვლელობისას გაეროს სამმა სააგენტომ - გაეროს ბავშვთა ფონდმა, გაეროს მოსახლეობის ფონდმა და გაეროს განვითარების პროგრამამ - წარადგინეს ქვეყნის პროგრამის დოკუმენტები (CPD), რომლებიც პირდაპირ გამომდინარეობს ამ ჩარჩო-დოკუმენტიდან.

„თავის გამოსვლაში UNICEF- ის წარმომადგენლის მოადგილემ ემი კლენსმა განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის 2021-2025 წწ. ქვეყნის პროგრამის დოკუმენტი მიზნად ისახავს მთავრობის მხარდაჭერას, რათა შეძლონ დამატებითი ღონისძიებების განხორციელება ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბი ბავშვებისა და ოჯახების, როგორც ამას ითვალისწინებს ბავშვის უფლებების კონვენცია და მდგრადი განვითარების მიზნები. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მიღწეული ბევრი დადებითი შედეგისა, ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის კუთხით არსებული პრობლემები ყურადსაღებია. ამიტომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ყურადღება მიმართული იქნება სირთულეებისა და ბარიერების გადასალახად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვების, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ბავშვების, უფლებების დაცვა და მათი პოტენციალის სრული განვითარება.

2021–2025 წწ. ქვეყნის პროგრამის დოკუმენტის წარდგენისას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ გამოყო საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთობლივი მუშაობის შემდეგი ძირითადი მიმართულებები: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება დედათა სიკვდილიანობის შესამცირებლად; გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, გენდერული ძალადობის და სხვა დისკრიმინაციული ნორმებისა და მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა; ახალგაზრდების ჩართულობისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა ინფორმირებულობის გაზრდისა და ინფორმაციაზე და სერვისებზე უკეთესი წვდომისთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფებისათვის, და მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რომლის საშუალებითაც უკეთესად შევძლებთ უთანასწორობის აღმოფხვრას და მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული ინდიკატორების მონიტორინგს.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა განაცხადა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ახალ პროგრამას ოთხი პრიორიტეტული მიმართულება აქვს, რომელიც პანდემიის ფონზე შექმნილ საჭიროებებს მოერგო და მიზნად ისახავს ქვეყნის პოსტ-კრიზისული განვითარების ხელშეწყობას: კარგი მმართველობისა და “სოციალური კონტრაქტის” იდეის ხელშეწყობა; მდგრადი ეკონომიკური ზრდის და სოციალური დაცვის მიღწევა, რომელიც აღმოფხვრის უთანასწორობას; გარემოს დაცვა და ბუნების, კლიმატისა და ეკონომიკის დაბალანსება; კრიზისის პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია, ადამიანის უსაფრთხოებისა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მომდევნო თვეში საქართველოში გაიხსნება სწრაფი განვითარების ლაბორატორია - ერთ-ერთი მსოფლიოში არსებული 90 ლაბორატორიათაგან, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარების გამოწვევების ციფრული გადაწყვეტას.

მონაწილეებმა მოიწონეს საკონსულტაციო პროცესი, რომელიც წინ უძღოდა ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებას. ასევე აღინიშნა, რომ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი სრულ თანხმობაშია ეროვნული განვითარების მიზნებთან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო